იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ზურაბიშვილის მიერ, აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. თეა წულუკაინი საუბრობს იმ საკითხზე, იქონიებს თუ არა ჰააგის სასამართლოზე გავლენას ზურაბიშვილის განცხადებები, სადაც მან აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო.
იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველო როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოში მნიშვნელოვანი მტკიცებულებებით არის წარდგენილი, რომელიც მიზნად ისახავს დამტკიცდეს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.
,,ჩვენ ძალიან სერიოზული მტკიცებულებებით ვართ წარმოდგენილი როგორც სტრასბურგის, ასევე ჰააგის სასამართლოში. სტრასბურგის სასამართლოში მიზნად ვისახავთ დავამტკიცოთ ის, რაც არის რეალობა, რომ აგვისტოს ომი დაიწყო რუსეთმა, რომლის შედეგიც არის ეთნიკური წმენდა, უამრავი ადამიანის უფლებების დარღვევა სხვადასხვა ტიპის და ფორმის და რომ ოკუპაცია გრძელდება. ასევე, ჰააგის სასამართლოში გვაქვს ორი ყველაზე მთავარი მიზანი - ქართველთა ეთნიკური წმენდის დამტკიცება და იმ ინდივიდების გამოვლენა, ვინც ეს ჩაიდინა. საუბარია რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირებზე და ოფიციალურ პირებზე და ასევე ჩვენი სამხედროების წამებაზე. ამიტომ, ჩვენთვის მთავარია მტკიცებულებები და არა განცხადებები, თუმცა, რა თქმა უნდა, ნებისმიერი განცხადებისას ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მხედველობაში ვიქონიოთ, იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფოს სახელით მიჰყავს ეს ორი დავა. მტკიცებულებების შეგროვებისას განცხადებებიც შესაძლოა იყოს მხედველობაში მიღებული სასამართლოს მიერ. ეს ყველას უნდა გვახსოვდეს",“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის შეფასებისას, საქართველო საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში დაადანაშაულა.