22 დეკემბერი 2024,   15:46
ვრცლად
ადამიანს, რომელიც დიპლომატობას იბრალებს, უნდა ესმოდეს, რომ ბრალს ხელისუფლებას კი არა, საქართველოს სდებს - ვაშაძე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას პასუხობს 

"ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი საკუთარ საარჩევნო კამპანიას სკანდალის ფონზე იწყებს.

სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო და მოსახლეობა ქართულმა მხარემ დაბომბა.

პრეზიდენტობის კანდიდატის ამ განცხადებას "პოლიტიკურ უმეცრებას" უწოდებენ მისი ოპონენტები.

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ზურაბიშვილი ბრალს არა წინა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს სდებს და ის ამას ვერ აცნობიერებს.

„ადამიანი, რომელიც დიპლომატობას იბრალებს და სახელმწიფო სამსახურის გამოცდილებას, იმდენი მაინც უნდა ესმოდეს, რომ ბრალდებას ხელისუფლებას კი არ უყენებს, ბრალდებას უყენებს საქართველოს. იმ პირობებში, როცა საქართველოს ჰააგაში და  სტრასბურგში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ორი საქმე აქვს შეტანილი. ყველაზე დიდი პრობლემა ამ ხალხის, რომელიც თავის თავს ხან "ქართულ ოცნებას" ეძახის, ხან ხელისუფლებას, ხან კონსტრუქციულ პოლიტიკურ ძალას, ამათი პრობლემა არის ის, რომ ამ ხალხს საქართველოს სახელმწიფოსი არ სჯერათ. ამათ მართლა ჰგონიათ, რომ თუ სირაქლემასავით ერთ პოზას მიიღებ და თავს ქვიშაში ჩაუფენ ყველაფერი კარგად იქნება,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

 

დღის ამბები