22 დეკემბერი 2024,   15:52
ვრცლად
„სამწუხაროდ, რუსეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაივიწყა საქართველოსთან ომის შესახებ" - რუსეთის ყოფილი პრემიერი

„სამწუხაროდ, რუსეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დაივიწყა საქართველოსთან ომის შესახებ. დაივიწყა, რომ ქვეყნის ორი რეგიონი, ფაქტობრივად, ანექსირებულია. მიაჩნიათ, რომ უბრალოდ კონფლიქტი იყო და აღარ ახსოვთ, რა ჩაიდინა პუტინმა,“- ამის შესახებ პარტია ”პარნასის” თავმჯდომარემ, მიხეილ კასიანოვმა „რუსთავი 2-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

რუსეთის ყოფილმა პრემიერმა 2018 წლის აგვისტოს ომზე ისაუბრა. მიხეილ კასიანოვის თქმით, იმ ადამიანებს, ვინც პროპაგანდისტული არხებისგან არ იღებს ინფორმაციას, იციან თუ რა პრობლემები შეუქმნა ვლადიმერ პუტინმა საქართველოს.

„იმ ადამიანებს კი, რომლებიც ინტერესდებიან პოლიტიკით და მხოლოდ პროპაგანდისტულ არხებს არ უყურებენ, ყველაფერი ესმით და იციან, თუ რა პრობლემები შეუქმნა პუტინმა თავისი აგრესიით საქართველოს. ჩემი აზრით, პუტინის ქმედების მიზანი იყო, რომ მსოფლიოსთვის ეჩვენებინა, რომ მის გარეშე არ შეიძლება გადაწყდეს სხვა ერების ბედი. რომ ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი პუტინთან კონსულტაციის გარეშე არ იყო კარგი და გადაწყვიტა, ეიძულებინა დასავლეთი, ეღიარებინა, რომ ის არის მთავარი მოთამაშე ამ საქმეში. ეს პუტინის საბჭოთა სინდრომია. ყველამ ვიცით, რომ ომი თვეების განმავლობაში მზადდებოდა. ხალხი ხედავდა ამ ყველაფერს. ვიცით, რომ უფრო მეტი ტანკის მობილიზება იყო, ვიდრე კურსკის ბრძოლაში, მეორე მსოფლიო ომის დროს. ვფიქრობ, დასავლეთმა გლობალური შეცდომა დაუშვა. რაც მოხდა საქართველო თავიდან ვერ აიცილებდა, მაგრამ ხომ არსებობდა მოგვარების გეგმა, რომლის ერთი პუნქტიც კი რუსეთის ხელისუფლებას დღემდე არ შეუსრულებია,“- განაცხადა მიხეილ კასიანოვმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები