აქცია გრძელდება რუსთაველის გამზირზე - ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობის წინ უკვე მესამე ღამეს ათენებენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილებმა ოქტომბრიდან ახალი სამოქალაქო მოძრაობის დაფუძნება დააანონსეს, რომლის მთავარი მიზანიც ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების დაჩქარება იქნება. სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა ორი დღის წინ აქციაზე განვითარებული მოვლენების გამო, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ბოდიში მოუხადეს.
"აქციები გრძელდება ბოლომდე, სანამ ჩვენ მიზანს არ მივაღწევთ. თემირლან მაჩალიკაშვილი არის ლიკვიდირებული ხელისუფლების დაკვეთით. ჩემი შვილის მკვლელებს და საქმის გამფუჭებლებს პირდაპირ მფარველობას უწევს ეს ხელისუფლება, ესე იგი ამ ხელისუფლების ფარგლებში და მოღვაწეობის პერიოდში ვერანაირად ვერ მივაღწევთ ჩვენ სიმართლეს. აუცილებლად უნდა მოშორდეს ეს მკვლელი ხელისუფლება საქართველოს,"-აცხადებს ზაზა სარალიძე.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
"ყველაფერს გავაკეთებთ ამ სისხლიანი რეჟიმის დასასრულებლად,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.