სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლობა მარიხუანის ლეგალიზაციის წინააღმდეგ გამოდის. როგორც სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იდიგოვი განმარტავს, ნებისმიერი სახის ნარკოტიკის მიღებასა და მოყვანას, ასევე ალკოჰოლის დალევას მუსლიმებს წმინდა ყურანი უკრძალავს.
შეიხის თქმით, თუ საქართველოში ნარკოტიკის მოყვანა მძიმე დარტყმა იქნება მომავალი თაობებისათვის.
„მსუბუქი ნარკოტიკის ლეგალიზება მძიმე ნარკოტიკების მოხმარების დასაბამი იქნება. როდესაც გარკვეული აკრძალვებია, ახალგაზრდების უჩნდებათ ინტერესი, რომ გასინჯონ ეს ნივთიერება. ეს ფაქტი დამაზიანებელი იქნება მომავალი თაობისათვის. თუ ჩვენ ამას დავუშვებთ, ახალგაზრდებს და მათ მომავალს გავანადგურებთ. ბოლო პერიოდში მხედველობაში მაქვს - აზერბაიჯანელი ახალგაზრდები უსაქმურობენ, არიან ქუჩაში და თუ დაშვებული იქნება მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარება მათ კიდევ მიეცემათ სტიმული, რომ გართობისკენ იყვნენ ორიენტირებულნი. ისლამი კრძალავს ნარკოტიკებს, შესაბამისად, ჩვენთვის მისი ნებისმიერი სახით მოყვანა მიუღებელია. ეს ფაქტი საქართველოს იმიჯს შეულახავს მთელს მსოფლიოში,“- განაცხადა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხმა, რამინ იგიდოვმა.