19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
საუბარი აპოკალიფსურ კორუფციაზე არის საფუძველს მოკლებული - საპარლამენტო უმრავლესობა ზუგდიდის ყოფილი მერის სავარაუდო უკანონო გარიგებებზე საუბრობს 

„კურიერის“ მიერ სკანდალური ფარული ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას საქმიანობის შესწავლა დაიწყო. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა ასევე დატოვა მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, რომელიც ასევე ფიგურირებდა სავარაუდო კორუფციულ სქემაში, რომლის შესახებაც ჟურნალისტურ გამოძიებას „შაბათის კურიერი“ ამზადებდა.

გოგია დღეს მას შემდეგ გადადგა, მრაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩანაწერს „რუსთავი2“ ფლობდა.

რაც შეეხება ზუგდიდის ყოფილი მერის უკვე ყოფილი თანაგუნდელების შეფასებას, საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ გოგიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყება მხოლოდ შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა. მათივე განცხადებით, კითხვების არსებობის შემთხვევაში ლაშა გოგიამ გამოძიების ყველა კითხვას უნდა უპასუხოს.

„როგორც ვიცი ის წავიდა თავის პირადი ინიციტივით, თუმცა თუ არსებობს კითხვა, ვფიქრობ ამ კითხვების საპირწონედ არ არსებობს არანაირი სტატუსი, არანაირი იმუნიტეტი და რა თქმა უნდა შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს ნებისმიერ გადაცდომაზე,“-ამბობს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია.

საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი აკაკი ზოიძე გამორიცხავს, რომ ხელისუფლებაში კორუფცია სისტემურ ხასიათს ატარებს ის არ ეთანხმება ოპოზიციის შეფასებას, რომ „ქვეყანა კორუფციის ჭაობში იძირება.“

„ეს არაერთხელ დაგვიმტკიცებია, იმიტომ რომ მკაცრად ვრეაგირებთ ყოველ ასეთ ფაქტზე, ის ფაქტი, რომ სუს-ი ამაზე დაუყოვნებლივ რეაგირებს და შესაბამის გამოძიებას იწყებს არის სწორედ ამის დამადასტურებელი ფაქტი, საუბარი აპოკალიფსურ კორუფციაზე არის საფუძველს მოკლებული, ჩვენი პოზიციაა შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან,“-ამბობს ზოიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები