19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისის მერს წინასაარჩევნოდ საქველმოქმედო ფონდის შექმნის გამო აკრიტიკებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს

გაერთიანებული ოპოზიცია ქუთაისის მერს წინასაარჩევნოდ საქველმოქმედო ფონდის შექმნის გამო აკრიტიკებს.

ოპოზიციის წარმომადგენლის მტკიცებით, ქალაქის მერის დავალებით წინასაარჩევნოდ საქველმოქმედო ფონდი შეიქმნა, სადაც მერიის თანამშრომლებს თანხების გადარიცხვას ავალდებულებენ. ამ ფონდს კი მერიის აიპის უფროსი, თამთა ბაკურაძე, ხელმძღვანელობს.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, გიგა შუშანიას, მტკიცებით, ფონდში თანხების გადარიცხვა პერსონალური მონაცემების გამოყენებით მოხდა ისე, რომ თანამშრომლებს თანხმობა არ მიუციათ.

შუშანია ფონდის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით პროკურატურას და აუდიტის სამსახურს მიმართავს.

„წინასაარჩევნოდ შექმნა ფონდი, სადაც საკუთარ თანამშრომლებს, აიპებისა და ქუთაისის მერიის თანამშრომლებს აიძულებს, მოჭრილად ერთი პროცენტი გადარიცხოს ამ ფონდში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, როდესაც ქალაქის მერი აიძულებს სამსახურიდან გაშვების მუქარით ადამიანებს, წინასაარჩევნოდ ფონდში გადარიცხოს საკუთარი ხელფასი," - განაცხადა გიგა შუშანიამ.

შუშანიას განცხადებით, ფონდის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციების საიას და სამართლიანი არჩევნების ანგარიშშიც მოხვდა.

გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს ქუთაისის ვიცე-მერი.

ნინო თვალთვაძის თქმით, საქველმოქმედო ფონდი ქუთაისის მერის შექმნილი არ არის, თუმცა, ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მერიის აიპის ხელმძღვანელი.

"იყო შეთავაზება მათი მხრიდან, რომ მომხდარიყო თანხების ჩარიცხვა, ჩვენც ეს შეთავაზება გავაჟღერეთ თანამშრომლებთან. ნაწილი რიცხავს, ნაწილი არა, ვისაც სურვილი ჰქონდა რიცხავს, ვისაც სურვილი ჰქონდა - არა," - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

დღის ამბები