საპრეზიდენტო არჩევნებში მმართველი გუნდის მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს „დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე აგვისტოს ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო აკრიტიკებს.
ნინო ბურჯანაძე საპრეზიდენტო კანდიდატს უპრინციპოს უწოდებს.
„მე მესმის, რომ ახლა პრეზიდენტობა ძალიან სასურველია თქვენთვის და გადამწყვეტი, მაგრამ არ ღირს ყველა საკუთარ პრინციპზე და თავმოყვარეობაზე უარის თქმა, თუნდაც შენი ქვეყნის პრეზიდენტობისთვის," - მიმართა ზურაბიშვილს ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, კანდიდატმა თავისი განცხადებები „ქართული ოცნების“ ზეწოლის შედეგად შეცვალა.
„როგორც ჩანს „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დამუშავება ჩაუტარა ქალბატონ სალომეს, შესაბამისად, მან ყველა თავის პრინციპზე უარი თქვა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკა აგვისტოს ომთან დაკავშირებით დღეს გაკეთებულ მორიგ განმარტებას მოჰყვა, როდესაც საპრეზიდენტო კანდიდატმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით რიტორიკა რადიკალურად შეცვალა.
მხარდამჭერებს ზურაბიშვილმა წინასწარ მომზადებული ტექსტით მიმართა და საჯაროდ განაცხადა, რომ 2008 წელს ომი რუსეთმა დაიწყო და არა პირიქით, როგორც ის ამას აქამდე ამტკიცებდა.
დღესვე, მმართველი გუნდის წევრებმა აღნიშნეს, რომ ომთან დაკავშირებული განცხადებების გამო სალომე ზურაბიშვილთან კონსულტაციები გამართეს.