გაერთიანებული ოპოზიცია ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. 200 ათასი თანხმობის შემთხვევაში კონსტიტუციაში კანაფის კულტივაციის აკრძალვის ჩანაწერის ინიციატივა ოფიციალურად დარეგისტრირდება.
გრიგოლ ვაშაძე მიიჩნევს, რომ მმართველი პარტია მოსახლეობის მოტყუებას ცდილობს და კანაფის კულტივაციის საკითხის განხილვა პარლამენტში მხოლოდ არჩევნების წინ აქციების თავიდან აცილების მიზნით შეაჩერა.
გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა ამომრჩეველს სამოქმედო გეგმა ოპერის ბაღში გააცნო.
ვაშაძის ინიციატივა „ევროპული საქართველოს“ მხრიდან კრიტიკის საფუძველი გახდა. გიგა ბოკერიასთვის ეს ნაბიჯი იაფი პოპულიზმი და ირმა ინაშვილის გზავნილების განმეორებაა.
გიგა ბოკერიას კრიტიკას გრიგოლ ვაშაძის მწვავე რეაქცია მოჰყვა. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ მას სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისგან ცენზურა არ სჭირდება.
გრიგოლ ვაშაძე საკუთარ ინიციატივაზე უარის თქმას არ აპირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად კამპანიას იწყებს.
ხელისუფლების ინიციატივა კატეგორიულად მიუღებელია სხვა ოპოზიციური კანდიდატებისთვისაც. „ლეიბორისტების“ ლიდერი უფრო რადიკალური ზომების მომხრეა. შალვა ნათელაშვილი გაპრეზიდენტების შემთხვევაში, კანაფის მოყვანისა და კულტივაციის ინიციატორებს მკაცრი ანგარიშსწორებით ემუქრება.