2019 წლის იანვრიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება. პოლიტიკური გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უკვე მიიღო. საპარლამენტო უმრავლესობა რეგლამენტში ამ ცვლილებას საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ შეიტანს.
სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელში პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ იქნება, შესაბამისად ახალი კონსტიტუციის მიხედვით, უკვე საკანონმდებლო ორგანოს ექნება უფლება საპარლამენტო ქალაქის სტატუსი თავად განსაზღვროს.
მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებამ პოლიტიკოსებსა და სამოქალაქოს საზოგადოებაში უკვე გამოიწვია პროტესტი.
ქუთაისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ხელისუფლებას იმ დაპირებას ახსენებ, რომლის მიხედვითაც ახალი კონსტიტუციის მიღების მიუხედავად ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსს შეინარჩუნებდა.
"როცა კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის ამოღების შესახებ იყო საუბარი მაშინ მივიღეთ დაპირება, რომ მიუხედავად ამის პარლამენტი ქუთაისში გააგრძელებდა მუშაობას.
სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს დაპირება არ შესრულდა და ქუთაისი რატომღაც მათ ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად რაც ხელს შეუშლის ქალაქის შემდგომ განვითარებას.
პარლამენტის აქ არსებობასთან დაკავშირებით იყო ბევრი იმედები. არის დიდი უკმაყოფილება საზოგადოებაში და შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას დაუჯდეს რაღაცის ფასად ვგულისხმობ არჩევნებს“-ამბობს "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.
არასამთავრობო ორგანიზაცია სამეცნიერო ინტელექტუალური კლუბის თაობა დიალოგის თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ ქუთაისის მცხოვრებლები ამ გადაწყვეტილებას მშვიდად არ შეხვდებიან.
მისი თქმით, გაუგებარია რა უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ საპარლამენტო ქალაქის სტატუსის გაუქმების საპირწონედ ქუთაისს.
არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩემი სახლია"-ს წევრი გია გოქაძე საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს, რომ არ დაუშვან ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანა.
„მივმართავთ საპარლამენტო ოპოზიციას შეწყვიტოს საქმიანობა თბილისის პარლამენტში და საქმიანობა გააგრძელონ ქუთაისი პარლამენტში. ვიცით რომ კვორუმი არ იქნება, მაგრამ ეს იქნება პასუხი ხელისუფლების ამ უგუნურებაზე. თავხედობაზე, რასაც ჩადის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება“-ამვბობს გოქაძე.