„ეს ჩანაწერები კიდევ ერთხელ მიუთითებენ მაღალი ეშელონის კორუფციის არსებობაზე,“ - ეს განცხადება, პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ოთარ კახიძემ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერების შეფასებისას გააკეთა.
ოთარ კახიძე დღეს გავრცელებულ მორიგ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება თამბაქოს ბიზნესზე ზეწოლას ახდენს და ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება.
ოთარ კახიძის თქმით, აუცილებელია მომხდარზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს აღნიშნული აუდიოჩანაწერების ავთენტურობა.
„ბიზნესი პირდაპირ აფინანსებს პარტიას არალეგალურად, კანონის გვერდის ავლით და პრაქტიკულად, თუ ეს დაადასტურა და თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია და თუ ეს გადარიცხვები მართლაც ხორციელდებოდა, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქართული ოცნება ართმევდა გარკვეულ თანხას შემდგომ საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად. პროკურატურამ უნდა გასცეს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც უკვე ძალიან ბევრი დაგროვდა, კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს და დაუშვებელია კორუფციული გარიგებები დარჩეს დაუსჯელი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
„კურიერმა“ კიდევ ერთი სკანდალური აუდიოჩანაწერი მოიპოვა, სადაც სავარაუდოდ, „თბილისის თამბაქოს“ აქციონერი, ირაკლი ჩუბინიშვილი „ომეგას“ დამფუძნებელს ესაუბრება.
გაშიფრულია სქემა, თუ როგორ ახორციელებს რეკეტს ხელისუფლება სიგარეტის ბაზრის მოთამაშეებზე და როგორ მიდის თანხა „ქართული ოცნების“ სალაროში.
აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ე.წ. ფონდში თითოეული გაყიდული კოლოფი სიგარეტიდან 2,5 თეთრი ხვდება. ჯამურად, კი სახელისუფლებო პარტიის შავ ანგარიშებზე შესული თანხა ათეულობით მილიონს აღწევს.