მხარდამჭერების სიების შესაძლო გაყალბების საქმეზე ცესკოს წარმომადგენელი დღეს პროკურატურაში გამოკითხეს. მას შეკითხვები სიებში აღმოჩენილ უზუსტობებთან დაკავშირებით დაუსვეს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი დიმიტრი ჯავახაძე საგამოძიებო უწყების კითხვებს, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში პასუხობდა. მისი თქმით, პროკურატურას აინტერესებდა, ამოწმებდა თუ არა ის მხარდამჭერთა სიებს. როგორც ჯავახაძემ განმარტა, ეს მისი ვალდებულება არ არის, თუმცა ამბობს, რომ ის ამ პროცესს აკვირდებოდა.
„დაგვიკავშირდნენ წინა კვირაში და დავიკითხები გამომძიებლის მიერ. კითხვები არ ვიცი როგორი იქნება წინასწარ. მე არ ვარ მოწმე, პროცესს ჩვეულებრივად ვაკვირდები პერიოდულად,“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა დიმიტრი ჯავახაძემ.
ასევე, ცოტა ხნის წინ, საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე შევიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის კიდევ ერთი წევრი. გიორგი ჭიქაბერიძის თქმით, მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა ინფორმაციის მიღება სურს მისგან პროკურატურას.
„მე პირადად გარდაცვლილების შესახებ არ ვიცი არაფერი. თუ ჩვენ ვართ უფლებამოსილები, რომ დავესწროთ პროცესს, დავაკვირდეთ, მაგრამ ის, რომ გადამოწმებაში მივიღოთ მონაწილეობა ჩვენ არ ვაკეთებთ ამას, ამას აკეთებს სპეციალური სამსახური, რომელიც წერს დასკვნას და რის საფუძველზეც შემდეგ ცესკო-ს თავმჯდომარე იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, გიორგი ჭიქაბერიძემ.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის მხარდამჭერთა სიებში აღმოჩნდა პრემიერ ბახტაძის ხელმოწერა, რის შემდეგაც ცესკომ პროკურატურას მიმართა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი