ფარისევლობა არის დღევანდელი ტერმინით მიკერძოებული და შერჩევითი სამართალი, როცა კანონის უზენაესობა არ არის და გინდა შენი ამბიცია მოარგო კანონს - ამბობს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე პეტრე.
წმინდა სინოდის წევრი საზოგადოებას სახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ მოუწოდებს და იმედი აქვს, რომ სახელმწიფოებრივ გზაზე დადგომას ქართველი ერი უახლოვდება.
მეუფე პეტრემ საკუთარ ქადაგებაში ასევე ისაუბრა რუსეთზე. მან თქვა, რომ არ არის მართლმადიდებლობა ის, რასაც ჩვენი მეზობელი ერთმორწმუნე ერი საქმით გვაჩვენებს. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ მტრობა და ფარისევლობა. რაც შეეხება შერჩევით სამართალს, ჭყონდიდის მიტროპოლიტი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ფარისევლობა, რომელიც ანგრევს სახელმწიფოს.
“დღემდე ჩვენ ვერ გამოვედით სწორ, სახელმწიფოებრივ საღვთო გზაზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა ჩვენ მოგვიახლოვდა, მოუახლოვდა ჩვენს ერს.
არ არის მართლმადიდებლობა არავითარ შემთხვევაში ის, რასაც ჩვენი მეზობელი ერთმორწმუნე ქვეყნები საქმით გვაჩვენებენ. ეს არის მხოლოდ მტრობა, ფარისევლობა.
ისევე როგორც, ყველაზე დიდი მტერი, თავის დროზე როცა მაცხოვარი განკაცდა და დაიწყო ჭეშმარიტებისო ქადაგება მაცხოვრისათვის ყველაზე დიდ წინააღმდეგობაში, ყველაზე დიდი მტრობა გაუწიეს ფარისევლებმა , მწიგნობრებმა. ფარისევლობა არის დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, შერჩევითი სამართალი როცა ხდება, მიკერძოებული სამართალი როცა ხდება, როცა კანონის უზენაესობა არ არის და გინდა შენი ამბიცია მოარგო კანონს ეს არის ფარისევლობა.
ჯანსაღ ეკლესიაზე, განწმენდილ ეკლესიაზე უნდა დაფუძნებულიყო და აშენებულიყო სახელმწიფოებრიობა.
შეუძლებელია სხვა ალტერნატიული გზა არსებობდეს თუნდაც დღეს ასევე მძიმე მდგომაროებაში მყოფი საქართველოს წინაშე“- ამბობს მეუფე პეტრე ცაავა.