17 ნოემბერი 2024,   12:54
ვრცლად
პროკურატურა "პალიტრა მედიაში" - უკავშირდება თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს კომპანიაში საგამოძიებო სამსახურის შესვლა, განმარტებები არ კეთდება

"პალიტრა მედიამ" პროკურატურის წარმომადგენლებს ელექტრონული სახით ფინანსური დოკუმენტაცია გადასცეს.

როგორც „პალიტრა მედიის“ წარმომადგენელი, გიორგი ჟორჟოლიანი, აცხადებს, ჰოლდინგი მზად არის, ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან. რაც შეეხება ეჭვებს, თუ რას უკავშირდება "პალიტრა მედიაში" საგამოძიებო უწყების შესვლა, ჯერჯერობით არ კეთდება. 

რამდენადაც ცნობილია, კომპანიის მეწილეები არიან ყოფილი ვიცე-პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის, ცოლის ნათესავები. პროკურატურამ კი მოითხოვა 2014-2018 წლის დოკუმენტაცია, რომელიც ემთხვევა დიმიტრი ქუმსიშვილი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს. ამასთან ცნობილია, რომ „პალიტრა მედია“ ხშირად მონაწილეობდა სახელმწიფო ტენდერებში.

უკავშირდება თუ არა "პალიტრა მედიაში" საგამოძიებო უწყების შესვლა დიმიტრი ქუმსიშვილის სახელს, ამ კითხვას კომპანიის წარმომადგენლები პირდაპირ არ პასუხობენ.  

„ბევრ რამეს შეიძლება ვფიქრობდე, მაგრამ არ მაძლევს არაფერი იმის საბაბს, რომ რამე დავაკონკრეტო და რამე ვთქვა. ვერ გეტყვით ვერაფერს. ცოტა ისეთი კითხვაა, რაა, არ მინდა ამაზე  პასუხის გაცემა. ამ ფორმით ან კი ან არათი.  სრული დოკუმენტაციის გადაცემა გვთხოვეს.  ელექტრონული სახით  რაც იყო დოკუმენტაცია, მივეცით. დანარჩენზე მოგვცეს დრო, რომ ეს დოკუმენტები გავამზადოთ და გადავცეთ,“ - განაცხადა გიორგი ჟორჟოლიანმა.

"პალიტრა მედიაში" პროკურატურა დღის პირველ ნახევარში შევიდა. უწყება ფინანსურ და საბუღალტრო დოკუმენტაციას სწავლობს.
 

დღის ამბები