19 ნოემბერი 2024,   21:38
ვრცლად
სახელმწიფო დაცვის დანიშვნა პიროვნული ფაქტორებით - დეპუტატები რისკებზე საუბრობენ

სახელმწიფო დაცვის დანიშვნის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. კანონპროექტს პარლამენტში კომიტეტის სხდომებზე განიხილავენ.

პოლიტიკოსები მიესალმებიან ინიციატივას, რომ ერთი წლის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები და პარლამენტის თავმჯდომარეები აღარ უნდა სარგებლობდნენ სახელმწიფო დაცვით, თუმცა დეპუტატებს ასევე აინტერესებთ, ერთი წლის გასვლის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ამა თუ იმ პირს პოლიტიკური ნიშნით სახელმწიფო დაცვა ხომ არ დაენიშნება.

„თითქოს, ზოგადად, ამ იდეას ყველამ მხარი დაუჭირა, მაგრამ კომიტეტის წევრების მხრიდან ითქვა, მათ შორის ოპოზიციური წარმომადგენლების მხრიდან იყო მოსაზრება, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღოს შესაბამისი სამსახურების ინფორმაციის თაობაზე. ეს შემოთავაზება ინიციატორმა გაითვალისწინა. როდესაც საქმე ეხება ესოდენ მაღალი თანამდებობის პირებს, ასეთი მიდგომა, რომ ეს შეიძლება პიროვნული ფაქტორებიდან იყოს გადაწყვეტილება მიღებული, უნდა გამოვრიცხოთ,“- განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კანონპროექტთან დაკავშირებით გარკვეულ რისკებზე საუბრობენ.

„სახელმწიფო მოხელეს დაცვა უნდა ჰყავდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე და ეს არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი. ერთი წელი საკმარისად ნორმალური ვადაა, ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა გარკვეული ადაპტირება მოახდინოს შემეგ ჩვეულებრივ ცხოვრებაში. ამ კანონის მიხედვით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს შერჩევითად გამოყენებული, მაგალითად, უარი უთხრან მარგველაშვილს და დათანხმდნენ ბახტაძისა და ღარიბაშვილის დაცვაზე,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები