22 დეკემბერი 2024,   15:57
ვრცლად
შვილმოკლული მამების პროტესტის მეჩვიდმეტე დღე - აქციას პოლიტიკოსები შეუერთდნენ 

შვილმოკლული მამების აქციას დაწყებიდან მე-17 დღეს პოლიტიკოსები შეუერთდნენ. განცხადება უკვე გააკეთეს გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ლიდერებმა, რომლებიც ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მოწოდებების შემდეგ რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები გეგმავენ, რომ იქამდე იდგნენ შვილმოკლული მამების გვერდით, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„როდესაც ეს ხელისუფლება საუბრობს სამართლიანობაზე. კეთილი ინებოს, მოვიდეს და თვალებში ჩახედოს ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. ახლა ეს პროვოკაციები, რომ აღარ განმეორდეს, ამიტომ არის საჭირო საზოგადოების აქტიურობა. ჩვენ ყოველ დღე ვიდგებით ბატონი ზაზა და ბატონი მალხაზის გვერდით,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს გუშინვე სოლიდარობა გამოუცხადა „ევროპულმა საქართველომაც“. პარტიის სახელით განცხადება ოთარ კახიძემ გააკეთა.

„აქ არის საუბარი შვილმოკლული მამის სოლიდარობაზე, რომ დაისაჯონ ერთის მხრივ დამნაშავეები და მეორეს მხრივ დამნაშავეებზე ხელის დამფარებლები,“-აცხადებს ოთარ კახიძე.

კიდევ რომელი პოლიტიკური ძალა შეუერთდება შვილმოკლული მამების მოწოდებას, ჯერჯერობით უცნობია. ამ მოწოდების ადრესატი კი ყველა პარტიაა, მათ შორის „ქართული ოცნებაც“.

„ბოლომდე ვიდგები და ბოლომდე ვიბრძოლებთ. არ გაუვა ჩვენთან არანაირი მეთოდი დაშინების. იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენი შიში უკვე ჩავაყოლეთ ჩვენს შვილებს მიწაში,“-ამბობს ზაზა სარალიძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები