ევროპარლამენტში საერთაშორისო კომიტეტის სხდომას, სადაც საქართველოს შესახებ მომზადებულ ანგარიშზე მსჯელობდნენ, მმართველი გუნდის წევრებიც ესწრებოდნენ. სხდომაზე საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის წარმომადგენლები, თამარ ხულორდავა და დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფებოდნენ.
მთავარმა მომხსენებელმა, ევროპარლამენტის დეპუტატმა ლატვიიდან, ანდრეს მამიკინსმა „კურიერთან“ ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ 69 შენიშვნის ავტორი სწორედ ის არის.
ანდრეს მამიკინსმა აღარ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ჰქონდა თუ არა შესწორებები "ქართულ ოცნებას".
„229 შესწორებაა ანგარიშის პროექტში, მათგან 69 პირადად ჩემ მიერ არის შეტანილი, დანარჩენი კი ჩემი კოლეგების მხრიდან,“ - განაცხადა მამიკინსმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თამარ ხულორდავას განცხადებით, დეპუტატების შეფასებიდან აშკარაა, რომ ქვეყანა ვითარდება.
„დღესაც მოისმინეთ შეფასებები, რომელიც ცალსახად ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა ვითარდება ძალიან დინამიურად. პროგრესი არის სახეზე, შედარება არ შეიძლება სხვა ქვეყნებთან, რომელიც იგივე ტრანსფორმაციის პროცესში არიან. პლურალისტური მედია არის ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოში მედია არის ძალიან პლურალისტური,“ - განაცხადა ხულორდავამ.
ევროპარლამენტი პირველად ამზადებს საქართველოზე ანგარიშს, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი, როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.