შს მინისტრი, გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ივანიშვილსა და ზაზა ოქუაშვილს შორის გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. გახარიას "ომეგა ჯგიფის" დამფუძნებლის ბრალდებებს გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, იმ პერიოდში ბიზნესომბუდსმენი იყო და ამ შეხვედრის მიზანს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენდა.
„შეხვედრა შედგა, რა თქმა უნდა, მე მაშინ ვიყავი ბიზნესომბუდსმენი და როგორც ჩანს, ვიყავი ძალზედ ძლევამოსილი ბიზნესომბუდსმენი და რას თქმა უნდა, ამ შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და იმ გაუბედურებული კომპანიის მხარდაჭერა, რომელმაც როგორც ჩანს, ამ პერიოდში სამწუხაროდ, დააგროვა ამხელა ვალი,“ - განაცხადა გახარიამ.
გიორგი გახარია ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ განცხადებებს სასაცილოდ აფასებს, სადაც ის ივანიშვილს ბიზნესზე რეკეტში ადანაშაულებს და იხსენებს, რომ ერთ-ერთ შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრებოდა, რა დროსაც ივანიშვილმა ბიზნესმენს პრობლემების მოგვარებისთვის 4 მილიონი მოსთხოვა.
„რა თქმა უნდა, ეს ერთი მსახიობის თეატრი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თუ სერიოზულად გვინდა რომ ვილაპარაკოთ, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი თბილისშიც, ლონდონშიც და ბატონი ოქუაშვილი თუ მოისურვებს ბომბეიშიც, არანაირი პრობლემა არ არის. თუმცა, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ თითო თეთრი და ლარი, რაც გადასახდელია ბიუჯეტში, ასევე მოუწევს ოქუაშვილს გადახდა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ზაზა ოქუაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, სადაც მას ყოფილმა პრემიერმა 4 მილიონი მოსთხოვა, გიორგი გახარიაც ესწრებოდა. როგორც ოქუაშვილმა "კვირის აქცენტებში" საუბრისას თქვა, ამ პერიოდში, გიორგი გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი და ის კარგად იყო ჩახედული შიდა საქმეებში.