19 ნოემბერი 2024,   20:48
ვრცლად
ჩაგაგდებინეთ ხმა 6 წლის წინ - ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო ოპოზიციის დაპირისპირება

მწვავე დაპირისპირება და პოლიტიკური ბრალდებები პარლამენტის ბიუროს სხდომაზე -ოპოზიცია საკანონდმებლო ორგანოში შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ გავრცელებული ჩანაწერები ბიზნესის რეკეტსა და დანაშაულებრივ მმართველობას ამხელს.

„მართლა არ გაინტერესებთ ასეთი რამე რომ ხდება გამოძიება დაიწყო თუ არა პროკურატურაში? რაღაცა ტიპის რეაგირებაც არ იყოს საჭირო? თუ სირაქლემასავით, რადგანც ივანიშვილს ეხება არაფერი გავაკეთოთ და ვიძახოთ ცხრა წელი? “-მიმართა მმართველ გუნდს „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მმართველობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებას არ ეყო მასშტაბი, თორემ ჰოლოკოსტი მოხდებოდა.

„ის იყო გაუპატიურების, წამების და ათასი უბედურების 9 წელი. დღემდე გერმანიაში ჰოლოკოსტის კვალის სანახავად დაყავთ ბავშვები იმიტომ, რომ ეს უნდა იცოდეს გერმანელმა ბავშვმა, რომ იგივე არ განმეორდეს. მასშტაბი არ გქონდათ იმხელა, თორემ ჰოლოკოსტს კი არა, უარესს მოუწყობდით ქართველ ხალხს. ვერ გაქაჩეთ, თორემ უარესს მოაწყობდით,”- განაცხადა კობახიძემ.

სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, რას ნიშნავს ბრალდება, რომ წინა ხელისუფლებას მასშტაბი არ ეყოთ. რაზეც კობახიძემ უპასუხა, რომ  მათ ადგილზე ასე ომახიანად ნამდვილად არ ისაუბრებდა.

კობახიძისა და სერგი კაპანაძის კამათში აკაკი ბობოხიძე ჩაერთო, რომელმაც ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ მისი  საქმე არ არის როგორი ტონით ისაუბრებენ ისინი.

„თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ომახიანობას. გაჩუმდით თუ შეიძლება. თქვენ არ განსაზღვრავთ ჩვენს ხმას. ხმაში ვერ გადამფარავთ, ბატონო ირაკლი.  მაგრამ თქვენს ხელისუფლებას, რომელმაც გაასწრო ყველაფერში წინა ხელისუფლებას, ყავარჯნიან კაცს ახსენებდა გია ვოლსკი წეღან, იმ ყავარჯნიან კაცში გყავთ ბიძინა ივანიშვილი. სიმღერა არ დამიწყია, ნუ ამყევით. თქვენ ვერ განსაზღვრავთ ჩემი საუბრის ტონს,“ - მიმართა ბობოხიძემ ირაკლი კობახიძეს.

რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა:

„შუბლის ძარღვი გაქვთ გაწყვეტილი. ამის მოთმენას არ ვაპირებ. უკვე განგისაზღვრეთ, რაზე უნდა ილაპარაკოთ, რადგან 6 წლის წინ ხმა ჩაგაგდებინეთ... დაასრულეთ და გაგცემთ საკადრის პასუხს. უკვე ჩაგაგდებინეთ ხმა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაზეც ბობოხიძემ უპასუხა: „მოვა თქვენი ხმის ჩაგდების დროც.“

დღის ამბები