19 ნოემბერი 2024,   21:30
ვრცლად
"არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე უფრო მაღლა დგანან" - არასამთავრობოები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან

სამოქალაქო სექტორი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა იმართება, 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრებენ.

„ომეგა ჯგუფის“ გარშემო განვითარებული მოვლენების ფონზე, სამოქალაქო საზოგადოება აცხადებს, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის გამოძიების რესურსი აღარ არსებობს.  

„აუცილებელია, რომ მათ შორის საქართველოს მეგობარ ქვეყნებს ჰქონდეთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რა არის ამ ქვეყანაში პრობლემა. მაგალითისთვის, ფარცხალაძის თემა რომ ავიღოთ, უმრავი შემთხვევა არსებობს, იგივე ყოფილ გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული, იგივე ვანო მერაბიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებული, ასევე ქონების მიღებასთან დაკავშირებით თბილისის წინა მერის მმართველობის დროს. არცერთ ამ საქმეზე არათუ პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიებაც არ ჩატარებულა. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე უფრო მაღლა დგანან,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ კრიზისამდე მიიყვანა. 

„არის ცოტა უხერხული, რომ ჩვენ არ გვისმენს ჩვენი მთავრობა და ჩვენ ვცდილობთ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაწვდინოთ მათ ხმა, ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.

დღის ამბები