ხმაური და დაპირისპირება ფინანსთა სამინისტროსთან - „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლები ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ.
აქციის მონაწილეები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა სამუშაო საათები ისე დასრულდა, რომ მათთვის პასუხი - შეხვდებოდა თუ არა მათ მინისტრი, არავის გაუცია. „ომეგა ჯგუფისა“ და იბერიას თანამშრომლების გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
აქციაზე კომპანიების თანამშრომლებთან ერთად ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც იმყოფებიან.
„ხელისუფლებას დღეს უნარი აღარ შესწევს, დადასტურდა მკაფიოდ, რომ ელაპარაკოს თავის მოქალაქეებს. იმ მოქალაქეებს, რომელთა სოციალური და პოლიტიკური უფლებები ილახება, თითქმის, პირდაპირ ეთერში“- ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, ნიკა მაჭუტაძე.
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ ფინანსთა სამინისტროდან თანამშრომლები გააპარეს.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა „ომეგა ჯგუფისთვის“ სამუშაო პროცესის აღდგენაა. კომპანიის თანამშრომლები აცხადებენ, რომ 1000-მდე თანამშრომელი უმუშევარი რჩება. მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება ქმედით ნაბიჯებს არ გადადგამს, პროტესტის ტალღა გაიზრდება.
ავტორი: ნინო გაზდელიანი