19 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
ქვეყანას მაფიოზური დაჯგუფება მართავს... შოკისმომგვრელია გაუპატიურების მუქარა - ოპოზიციის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარე აქციას შეუერთდნენ

ხმაურის ფონზე მიმდინარეობს „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ თანამშრომლების აქცია. ფინანსთა სამინისტროსთან შეკრებილები ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა ისინი მინისტრმა უპასუხოდ დატოვა. აქციას შეუერთდნენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები.

გაერთიანებული ოპოზიციის - "ძალა ერთობაშია-ს" საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ გუნდი, რომელიც ხელისუფლებას უწოდებს საკუთარ თავს ყველანაირი სამართლებრივი სივრციდან გასულია.

„საქართველოს ე.წ. ხელისუფლება და თავის თავს რომ ეძახის, მმართველი პოლიტიკური ძალა, საერთოდ გასულია სამართლებრივი ველიდან, კონსტიტუციამ და კანონმდებლობამ, მათ შორის საგადასახადომ, ქვეყანაში შეწყვიტა მოქმედება და ყველა ჩვენ ვართ კრიმინალური, მაფიოზური დაჯგუფების ხელში, რომელიც კრიმინალური, ბანდიტური მეთოდებით უსწორდება ოპონენტებსა და მომხრეებსაც,“- აცხადებს პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე.

ვაშაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებსა და სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანზე განხორციელებული ზეწოლის ეპიზოდზეც საუბრობს.  

„როდესაც დავით ყიფიანის, ქართველი ლეგენდის შვილს ბოტასების ქურდი ჩაიყვანს სარდაფში გახდის და რაღაც საშინელებით დაემუქრება, ამას პოლიტიკური შეფასება კი არ სჭირდება, ამას სასწრაფოდ სჭირდება საქმის აღძვრა და სასწრაფოდ განაჩენის გამოტანა,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ  გადასარჩენია არა კონკრეტული ტელევიზია ან ბიზნესი, არამედ ქვეყანა, რომელსაც უდუმაშვილის თქმით, ხელისუფლებაში მყოფი მაფიოზური დაჯგუფება მართავს.

გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მამუკა გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყნას ხელისუფლება აღარ ჰყავს. მისი თქმით, ახლა ჯერი სამოქალაქო საზოგადოებაზეა, რომელმაც სადავეები ხელში უნდა აიღოს.

აქციაზე იმყოფება კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი, კახა კუკავა. ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარე აცხადებს, რომ მისთვის გასაკვირი არ აღმოჩნდა ბიზნესზე რეკეტი და წილების გადანაწილების მცდელობა, თუმცა კუკავა ამბობს, რომ მისთვის შოკისმომგვრელია გაუპატიურების მუქარა.

„ადამიანის გაუპატიურება კვლავ რჩება, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი და კიდევ უფრო შოკისმომგვრელი იყო, როცა "ქართული ოცნების" დეპუტატები - ქანთარია, ცქიტიშვილი და ბევრის გვარი აღარ მახსოვს, მეორე დილით ამ თემაზე როგორ ხუმრობდნენ,“- აცხადებს კახა კუკავა.

საუბარია აუდიოჩანაწერზე, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილთან საუბრისას სარდაფის ინციდენტზე ლაპარაკობს.  როგორც "კვირის აქცენტებში" ოქუაშვილმა განმარტა, ყიფიანი ყოფილმა მთავარმა პროკურორმა დასაჯა. მისი თქმით, პრემიერ კვირიკაშვილის საქმეში ჩარევის გამო, ფარცხალაძემ ყიფიანი სარდაფში ჩაკეტა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და გაუპატიურებით დაემუქრა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

 

 

დღის ამბები