საოკუპაციო რეჟიმის მიერ ცხინვალის ციხეში დატყვევებული მაია ოთანიშვილი სავარაუდოდ ნაცემია - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა საგანგებო განცხადება გააკეთა.
როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ინფორმაცია მათ სახალხო დამცველი აპარატმა მიაწოდა.
თალაკვაძის განცხადებით, ხელისუფლება მიმართავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მოახდინოს სასწრაფო რეაგირება.
„მაღალი ალბათობით, მაია ოთინაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა, ის სავარუდოდ, ნაცემია. ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიას, ასევე დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, გადაამოწმონ ინფორმაცია და უზრუნველყონ მისი უსაფრთხოების დაცვა.
„ჩვენ ყველა ზომას ვიღებთ და კიდევ უფრო გავაძლიერებთ ძალისხმევას, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, ჩვენი პარტნიორები, მაქსიმალურად ჩავრთოთ საკითხში, რათა დროული რეაგირება მოჰყვეს ამ შემაშფოთებელ ფაქტს. როგორც ხედავთ, საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან გრძელდება ჩვენი მოქალაქეების გატაცების პრაქტიკა, ეს არის ძალიან მძიმე დარღვევა ადამიანის უფლებების, რაზეც პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია“-აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
ოკუპანტების მიერ გატაცებული 36 წლის მაია ოთინაშვილის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ცოტა ხნის წინ, განცხადება გაავრცელა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს, დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.