„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი პროკურატურას პასუხობს. ზაზა ოქუაშვილი საგამოძიებო უწყების მოთხოვნას, რომ დაკითხვაზე გამოცხადდეს, საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
კომპანიის დამფუძნებელს საქართველოში დაბრუნება მიზანშეწონილად არ მიაჩნია, რადგან მისი შეფასებით, ქვეყანაში არ არის დაცული მისი უსაფრთხოება.
ზაზა ოქუაშვილის განმარტებით, ის მზად არის გამოძიებასთან თანამშრომლობისთვის, თუმცა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში ან ევროპის სხვა სახელმწიფოში, საქართველოს გარდა.
„არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად და მიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემი ინტერესები. ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული რეკეტის ორგანიზატორად, სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს, როგორც ხელისუფლებაში ფორმალურად მყოფი, ისე არაფორმალური ძალაუფლების მქონე პირების მეშვეობით, რომლებიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ. საფრთხეს ასევე რეალურს ხდის ხელისუფლების მოქმედი ფორმალური თანამდებობის მქონე პირების უშუალო შემხებლობა და დაინტერესება საქმით.
"პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებები კი არა მხოლოდ უხეშად ლახავს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ წარმოადგენს პირდაპირ მითითებას ჩემს დასაპატიმრებლად,"-ნათქვამია ზაზა ოქუაშვილის განცხადებაში.