19 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ეთნიკურ სომხებთან - მესამე სექტორი მის განცხადებას "სახიფათოს" და "ანტისახელმწიფოებრივს" უწოდებს

ნინოწმინდაში ადგილობრივ ეთნიკურ სომხებთან შეხვედრაზე სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სამოქალაქო სექტორი ეხმაურება. არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ზურაბიშვილის განცხადება „ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას.“

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას "სახიფათოს და ანტისახელმწიფოებრივს" უწოდებს "ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" გამგეობის წევრი, მარიამ ღავთაძე.

„ეს არის აბსოლუტურად ხელოვნურად, საქართველოს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში ისტორიული კონფლიქტის ხელოვნურად შემოტანის მცდელობა. გარდა იმისა, რომ არის ქსენოფობიური ეს განცხადება, შესაძლოა, დარღვეულიყო კანონმდებლობა, რადგან საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით იკრძალება პოლიტიკური სუბიექტის მხრიდან მტრობის, შუღლის გაღვივება, ეთნიკური, რელიგიური კონფლიქტების წამოწევა,“ - განაცხადა ღავთაძემ.

ზურაბიშვილის განცხადება, რომ სახიფათოა, ამას იზიარებს მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, თამარ კინწურაშვილი და განმარტავს, რომ მსგავსი განცხადებებით „შუღლის გაღვივება“ ხდება.

„ეს არის მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, რომელიც უნდა აცნობიერებდეს, რომ ეს უკავშირდება უსაფრთხოების პრობლემებს და შუღლის გაღვივება არის ის საკითხი, რომელიც არღვევს სახელმწიფო ინტერესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის საგანგაშო განცხადება და მან, ალბათ, უნდა გარკვეულწილად გააკეთოს განმარტება,“ - განაცხადა თამარ კინწურაშვილმა.

პრეზიდენტობის კანდიდატებს ქსენოფობიური განცხადებების გაკეთებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციის „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კაციტაძე. ის აღნიშნავს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები არ უნდა გააკეთონ.

„ჩვენი მოთხოვნა არის ყველა კანდიდატის მიმართ და პრეზიდენტობის კანდიდატების მიმართ, რომ ყველა მათი განცხადება იყოს ადამიანის უფლებების დაცვის მთავარ ღირებულებებთან და პრინციპებთან, არ იყოს გამოყენებული სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები და ფრაზები და მათ შორის, საარჩევნო კომისიამაც კანონის შესაბამისი რეაგირება მოახდინოს,“ - ამბობს ნათია კაციტაძე.

დღის ამბები