იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებებს ეხმაურება. ანა დოლიძის თქმით, ნათელია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტა სრულად ჩამოშლილია.
„ეკონომიკურ-პოლიტიკური ელიტა რეალურად ჩამოშლილი და გარყვნილია, იმ გაგებით, რომ ის ამორალურია, მას სახელმწიფოებრივ აზროვნებასთან მყიფე კავშირი აქვს, შეიძლება გაუგია ამაზე. ეს ჩანაწერები ჩვენ გვაძლევს საშუალებას რომ ღიად დავინახოთ-მეფე შიშველია,“ - აცხადებს ანა დოლიძე.
როგორც გუშინ სასამართლოში დაკითხვის შემდეგ ლევან ყიფიანმა განაცხადა, ზაზა ოქუაშვილს ის ჩანაწერების გაკეთებასა და მოპოვებაში ეხმარებოდა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ოქუაშვილს ჩანაწერები საზღვარგარეთ პარტნიორების დასარწმუნებლად სჭირდებოდა.