ფონდი "იავნანა" იქნება და ის დაუპირისპირდება ბოროტებას - ფონდ იავნანას საქმეზე დაწყებული გამოძიების შესახებ პაატა ბურჭულაძე ინფორმაციას ამ წუთებში დიპლომატიურ კორპუსს აწვდის.
მსოფლიო ბანი დარწმუნებულია, რომ მის წინააღმდეგ პროკურატურა ბოლო პერიოდში მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მან გრიგოლ ვაშაძეს მხარი საჯაროდ დაუჭირა.
"115 მრავალშვილიან ოჯახს მივეცით სახლის გასაღები, 1000-მდე ბავშვი დავუბრუნეთ დედ-მამას, 7000 ბავშვს გაეწია დიდი თუ პატარა დახმარება და მრავალი სხვა. აქ გაჭირვებული ხალხი ეხმარებოდა მასზე უფრო გაჭირვებულ ადამიანს. არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ ფონდის გაჩერებას იმიტომ, რომ ფონდის დამარცხება, ნიშნავს სიკეთის საბოლოოდ მოსპობას საქართველოში, ფონდი იქნება ის „იავნანა,“ რომელიც შეებრძოლება ამ ბოროტებას,"-აცხადებს პაატა ბურჭულაძე.
პაატა ბურჭულაძის ადვოკატი კი აცხადებს, რომ დიპლომატებსა და საზოგადოებას პაატა ბურჭულაძესა და ფონდ "იავნანას" წინააღმდეგ მიზანმიმართულ ზეწოლაზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. მისი განცხადებით, გამოძიება ეჭვებს აჩენს, რადგან საგამოძიებო უწყება პერიოდულობით, სწორედ მაშინ წამოწევს ფონდის საქმიანობაზე დაწყებულ გამოძიებას, როცა პაატა ბურჭულაძე ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებს.
"პროკურატურა პერიოდულად საეჭვოდ აქტიურდება, ეს არის პაატა ბურჭულაძის აქტივობებთან საჯარო გამოსვლებთან დაკავშირებული"-ამბობს ადვოკატი სოსო ბარათაშვილი.
შეხვედრას არასმთავრობო ორგანიზაციები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებიან.
მუსიკოსები, მხატვრები და ხელოვნების სფეროს სხვა წარმომადგენლები, პაატა ბურჭულაძესა და ფონდ იავნანას სოლიდარობას უცხადებენ.
საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი ამბობს, რომ ფონდი ადამიანებს ქველმოქმედების საშუალებას აძლევდა.
„შეკრების მთავარი მიზანი და იდეა არის ის რომ ამ სირთულეებს ერთად გავუმკლავდეთ და საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდეს იმაში რომ ამ ფონდის მიმართ ნდობის დაკარგვა ყოვლად გაუმართლებელია,“ - ამბობს ნიკოლოზ რაჭველი.