19 ნოემბერი 2024,   19:13
ვრცლად
"ჩანაწერების ნამდვილობა ყიფიანმა დაადასტურა" - ოპოზიცია სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას აფასებს

ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნას, რომ გავრცელებულ ფარული ჩანაწერების ნაწილში წყვეტაა, ოპოზიციის წევრები ეხმაურებიან. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, ჩანაწერების ნამდვილობა, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ საქმეს უკავშირდება, თავად საუბრის ერთ-ერთმა ფიგურანტმა, სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა დაადასტურა.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ჩანაწერებიდან დგინდება, რომ ხელისუფლება ბიზნესის რეკეტს ახორციელებს.

"ამ ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა იმ ადამიანმა, ვინც მონაწილეობდა საუბრებში, ბატონმა ყიფიანმა და ამიტომ, ამ ვითრებაში ვფიქრობ, რომ არც სამხარაულის ბიუროს გამოძიება, არც რომელიმე სხვა საკუთარი დაქირავებული ექსპერტის მიერ მოცემული ახსნა-განმარტება არ დაეხმარება დღევანდელ ხელისუფლებას იმაში, რომ გადაარწმუნოს საზოგადოება იმაში, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად კოორდინირებულად წარმართულ სახელმწიფო რეკეტთან „ომეგას“ შემთხვევაში,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საქმეში საერთაშორისო გამომძიებლების ჩართვის საჭიროებაზე საუბრობენ.

„ხელისუფლებას არ გააჩნია მწყობრი ხედვა და საერთოდ რას ამტკიცებენ, მიჰყვებიან კლასიკურ რუსული პროპაგანდის პრინციპის, რომ მთავარია ილაპარაკონ, არც არგუმენტს, არც მტკიცებულებას არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ გვინდა, რომ თავიდან ავირიდოთ ასეთი ფაბრიკაციები, რასაც დღეს პროკურატურა ეწევა, ავირიდოთ შემდგომში პოლიტიკური დევნა, ავირიდოთ თუნდაც, პოლიტიკურ დევნაზე წარმოდგენა ან ეჭვი, საჭიროა, რომ საერთო ნდობის მქონე საერთაშორისო გამომძიებლები მოვიწვიოთ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ.

პროკურატურის მიერ გასაჯაროებული  სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნით, ჩანაწერში, რომელიც "ომეგა ჯგუფის" წილებისა და თამბაქოს ბიზნესის გადანაწილების შესახებ ზაზა ოქუაშვილსა და ლევან ყიფიანს შორის საუბარს ასახავს, წყვეტაა.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები