სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად მედიკოსების მიერ გადარიცხული ათასობით ლარის გადარიცხვას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერების გამოეხმაურნენ.
მათთვის გაუგებარია, რატომ გამოიწვია ღუდუშაურის და ჩაჩავას კლინიკების ექიმების მიერ სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად გაღებულმა თანხამ აჟიოტაჟი.
„მე მინდა მივმართო ყველა იმ ადამიანს, ვისაც აქვს შესაძლებლობა იმის, რომ მხარი დაუჭიროს სალომე ზურაბიშვილს. თანხას მნიშვნელობა არა აქვს, ვისაც რა შესაძლებლობა აქვს, მხარი დაუჭიროს და ერთად მივაღწიოთ იმ დიდ გამარჯვებას, რასაც 28 ოქტომბერს ჰქვია ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და წარმატება,“ - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრის, ნუკრი ქანთარიას, განცხადებით, ვისაც აქვს შესაძლებლობა და მხარს უჭერს ქართულ ოცნებას, ყველას შეუძლია თანხის გადარიცხვა და ამაში ჩასაძიებელს ვერაფერს ხედავს.
„ვისაც აქვს ამის საშუალება და სურვილიც აქვს და ის ოცნებას მხარს უჭერს, აბსოლუტურად ბუნებრივია, რომ რაღაც შეავსონ ის კამპანია ფინანსურად, რასაც ეწევა ქალბატონი სალომე. ამიტომ ვერ ვხედავ აქ ჩასაძიებელ თემებს,“ - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, არჩილ თალაკვაძე, ამბობს, რომ ყველას აქვს უფლება, იმდენი შემოწირულობა გაიღოს, რამდენის სურვილიც გააჩნია.
„კრიტიკული სიუჟეტები და ეს თავდასხმები ექიმებს და სამედიცინო საზოგადოებას ვერ შეაშინებს. მათ სრული უფლება აქვთ, რამდენიც სურთ, იმდენი შემოწირულობა გააკეთონ," - აცხადებს თალაკვაძე.