19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ შსს-ს დაქვემდებარებაში გადადის

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გადადის. მთავრობის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი დღეს განსახილველად პარლამენტის ბიუროს წარედგინება.

გარდა ამისა “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილების მიხედვით, უცვლელი რჩება სამსახურის როლი მატერიალური რეზერვების მართვის საკითხთან მიმართებაში.

ინიციატივის მხარდაჭერას არ აპირებს ოპოზიცია.

„რამდენი პრემიერ-მინისტრიც იცვლება, იმდენი ახალი სტრუქტურა შემოაქვთ და ერთი ადამიანის თარგზე იჭრება. წინამორბედი პრემიერ-მინისტრის ყველა გადაწყვეტილების რევიზია ხდება და ამ რევიზიაში მოჰყვა ახლა ეს სამსახური,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.

ხელისუფლების ოპონენტები  ინიციატივას დროისა და თანხების ფლანგვად მიიჩნევს.

„ეს კიდევ ერთ დასტურია „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტურობის და არაპროფესიონალიზმის და იმის, რომ ხედვა არ აქვთ. საერთოდ არ იციან როგორ ჩამოაყალიბონ ესა თუ ის სტრუქტურა და როგორ მართონ ესა თუ ის სტრუქტურა. ამ მუდმივ ბიუროკრატიულ გადალაგებაში იფლანგება ხალხის ფული და რა თქმა უნდა იკარგება დრო,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღევანდელ ბიუროზე ასევე კენჭი უნდა ეყაროს პროკურატურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს.

დღის ამბები