"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
ირაკლი კობახიძემ დღეს სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის გენერალური დირექტორის განცხადებას, საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა, მას "ფაშისტი" უწოდა და არასამთავრობო სექტორი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მათ გვარამიას განცხადება არ დაგმეს.
კობახიძემ "სამართლიანი არჩევნების" აღმასრულებელ დირექტორზეც ისაუბრა. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მიხეილ ბენიძემ "უკადრებელი იკადრა", როდესაც გვარამიას "დაცვა" სცადა.
მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვებისთვის ხელის შეშლას ემსახურება.
მისი თქმით, კობახიძის სურვილია, რომ არ მოხდეს არჩევნებზე და წინასაარჩევნო გარემოზე სათანადოდ დაკვირვება და ცდილობს, საზოგადოებაში გაუგებარი დისკუსია წარმოქმნას.
ბენიძის თქმით, ირაკლი კობახიძე მესამე სექტორის კრიტიკის გარდა სხვა რამეზე უნდა აკეთებდეს აქცენტს, მათ შორის, მოქალაქეების გატაცებაზე.
"ამ თავდასხმების მიზანი არის ის, რომ მათ ხელი შეუშალონ ჩვენს სადამკვირვებლო საქმიანობას, გვამყოფონ სტრესულ რეჟიმში და ნაცვლად იმისა, სრულფასოვანი წინასაარჩევნო მონიტორინგი განვახორციელოთ გადავიდეთ მათი განცხადებების პასუხზე.
წელს ჩვენ უპრეცენდენტოდ კოორდინირებულ შეტევას ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან ამ არჩევნებზე ხელისუფლებას ოფიციალურად საკუთარი კანდიდატი არ ჰყავს .
შეიძლება გვარამიას განცხადებები არ მოგვწონდეს, არ ჯდებოდეს ჩვენს ან ირაკლი კობახიძის გემოვნებაში, მაგრამ მას კანონით არ ეკრძალება წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა.
პრობლემა იქნებოდა მას განეცხადებინა რომ რუსთავი ორი არ დაუთმობს ეთერს სალომე ზურაბიშვილს ან რომელიმე სხვა კანდიდატს“-აცხადებს მიხეილ ბენიძე.
ირაკლი კობახიძემ მიხეილ ბენიძე მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საპასუხო რეაქცია არ ჰქონია, როდესაც გვარამიამ ზურაბიშვილი მოღალატედ გამოაცხადა და საზოგადოებას მოუწოდა არ დააფინანსონ ხელისუფლების მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის კამპანია.
კობახიძემ იმედგაცრუება გამოთქვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მიმართაც და განაცხადა, რომ ვისაც ნიკა გვარამიას "ფაშისტურ განცხადებაზე" რეაქცია არ ჰქონდა, ისიც ფაშიზმის მონაწილეა.