"შენების მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით უსუფაშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
კობახიძემ „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორი და სამოქალაქო სექტორი დღეს ფაშიზმში დაადანაშაულა. უსუფაშვილი ამბობს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" და ქართული ოცნება" წესების გარეშე ბრძოლაში ებმებიან, რაც დაუშვებელია.
„არჩევნების დღის მოსახლეობის კვალობაზე, "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა", უფრო და უფრო მეტად ებმებიან ერთმანეთთან ბრძოლაში წესების გარეშე, რაც ხდება ქვეყნის და საზოგადოების ხარჯზე. ბოლო ხანებში, მატ მიერ გაგრძელდა ერთმანეთის უარესობის მტკიცება და ამ პროცესში, მე მგონი უკვე გადალახულია წითელი ზღვარი. საჭიროა შეჩერება.
"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მუქარის ტონი ოცნების მხარდამჭერებზე იყო დაუშვებელი და ეს არის უგუნურება, რომელიც უნდა შეწყვიტოს ნაციონალურმა მოძრაობამ. მაგრამ, ოცნების მხრიდან, იმ ტერმინების შემოტანა საარჩევნო პროცესში და პოლიტიკურ პროცესში, როგორიც არის ფაშიზმი, ჰოლოკოსტი, ეს არის არა მხოლოდ ქართული პოლიტიკისთვის მიუღებელი წითელი ხაზები, არამედ ზოგადსაკაცობრიო სტანდარტების უხეში დარღვევა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
უსუფაშვილისთვის მიუღებელია ის ტერმინები, რომელსაც „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ იყენებს და ამბობს, რომ ამით ქვეყანას სერიოზულ პრობლემებს უქმნის.
„ოცნება აგრძელებს ნაცმოძრაობის „დიდ ტრადიციებს“ პოლიტიკური ოპონენტების უფლებების შელახვის ნაწილში,“ -აღნიშნა უსუფაშვილმა.
გარდა ამისა, უსუფაშვილმა ბრიფინგზე მის პარტიაზე მიმდინარე ზეწოლაზეც ისაუბრა. პრეზიდენტობის კანდიდატი ამბობს, რომ დმანისში, ზეწოლის შედეგად პარტიის ოფისისთვის გამოყოფილი ფართი პარტიას აღარ დაუთმეს.
„დღეს, დმანისიდან მაცნობეს, რომ სამი დღის წინ გაფორმებული ხელშეკრულება ოფისით სარგებლობის თაობაზე, დღეს მეპატრონეს უკან მიაქვს. იმიტომ რომ მას ურეკავენ და აიძულებენ უარი თქვას ხელშეკრულებაზე და თავისი კუთვნილი ფართის ჩვენთვის დათმობაზე. ვინ აიძულებს? სიმბოლო წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების, მახინჯი სისტემის, რომელიც ოცნებამ უცვლელი დატოვა, ბატონი ოქუაშვილი, რა თქმა უნდა,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.