ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი, 45-ე რაუნდი - ქართული მხარე ოკუპანტების მიერ მაია ოთინაშვილის გატაცების საკითხს დააყენებს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ფაქტის შესახებ ჟენევის თანათავმჯდომარეებთან და ევროკავშირის მისიასთან ქართულ მხარეს მუდმივი კომუნიკაცია აქვს.
მიუხედავად ამისა, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული მაია ოთინაშვილი ისევ ტყვეობაშია. ჯერჯერობით ისიც უცნობია, როდის იგეგმება მისი გათავისუფლება.
„ამ რაუნდზე ერთგვარად შევაჯამებთ იმას თუ როგორ გაიარა ამ 10-მა წელიწადმა, რისი მიღწევა შევძელით და რა არის გასაკეთებელი იმისათვის, რომ მომავალში იყოს პროგრესი მთლიანად კონფლიქტის მოგვარების მხრივ. ამ რაუნდზე ყურადღება გამახვილდება ამ ბოლო დროის ინციდენტებზე, გატაცებებზე. რა თქმა უნდა გატაცებულებთან დაკავშირებით პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, ისინი უნდა განთავისუფლდნენ,“-აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დონდუა.