სალომე ზურაბიშვილისთვის „ქართუ ბანკიდან“ მილიონი ლარის სესხება კანონდარღვევაა - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი.
ბეჟაშვილი აუდიტის სამსახურს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს, რადგან მისი განცხადებით, ბანკებს ეკრძალებათ პოლიტიკური პარტიებისთვის ან კანდიდატებისთვის თუნდაც მცირე სესხის მიცემა.
“ივანიშვილთან ასოცირებული, ხელისუფლებასთან ასოცირებული ბანკი მას აძლევს ერთ მილიონ ლარს. ფაქტი არის, რომ არცერთ სხვა კანდიდატს ამის შესაძლებლობები არ გააჩნია. არათუ „ქართუ ბანკში“, არამედ ნებისმიერ საბანკო დაწესებულებას პირდაპირ აკრძალული აქვს თუნდაც მცირე ოდენობით სესხების გამოყოფა პოლიტიკური პარტიებისათვის და კანდიდატებისათვის.
თავისთავად ეს ფაქტი წარმოადგენს დარღვევას, არათანაბარ ვითარებას ქმნის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის დროს და ბუნებრივია აუდიტის სამსახური ამას უნდა აძლევდეს სათანადო კვალიფიკაციას,“ - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირაკლი აბესაძე კი ამბობს, რომ „ქართუ ბანკიდან“ სალომე ზურაბიშვილისთვის გაცემული მილიონი ლარი, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული შემოწირულობაა, რაც გაპრეზიდენტების შემთხვევაში, სალომე ზურაბიშვილს პარტიის თავმჯდომარესთან მუდამ ვალში ამყოფებს.
„ქართუ ბანკის“ მხრიდან სესხის გაცემა ქალბატონ ზურაბიშვილზე ნიშნავს ერთს, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი შეწირულობა ზურაბიშვილის კამპანიაში და ის ყველაფერს გააკეთებს, რომ მასზე ფინანსურად და პოლიტიკურად დამოკიდებული ადამიანი გახადოს პრეზიდენტი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს ასეთი კანდიდატის გამარჯვებას არჩევნებში,“ - აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი ირაკლი აბესაძე.
სოლიდური და ოპოზიციისთვის საეჭვო შემოწირულობების პარალელურად, რომელიც უკვე მილიონს აჭარბებს, წინასაარჩევნო კამპანიის დასაფინანსებლად სალომე ზურაბიშვილმა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ”ქართუ ბანკისგან” ერთი მილიონი ლარი ისესხა.