19 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ უწყებათაშორის კომისიას პროტესტის ნიშნად ტოვებს. ამის შესახებ ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ გახდა.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, წინასაარჩევნო პერიოდში სამოქალაქო სექტორი  ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო ბრალდებების ადრესატი გახდა. 

„წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლების მხრიდან უპრეცედენტო თავდასხმის ობიექტები გახდნენ. პარტია „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები - პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები, თბილისის მერი, იუსტიციის მინისტრი და სხვები არაკორექტული და უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებით ცდილობენ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას. განსაკუთრებული აგრესიის სამიზნეები სადამკვირვებლო ორგანიზაციები არიან. აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს და ტოვებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას, რომელიც დღემდე რჩებოდა თანამშრომლობის ბოლო ფორმატად.

„ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა და „ქართული ოცნების” ლიდერების, მათ შორის იუსტიციის მინისტრის აგრესიულმა რიტორიკამ გვაჩვენა, რომ ამ ფორმატში თანამშრომლობა აზრს კარგავს. ის უწყებები და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც უნდა რეაგირებდნენ საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევებზე, თავად იყენებენ ამ რესურსს ავტორიტეტული სადამკვირვებლო ორგანიზაციების დისკრედიტაციისთვის.

„აქედან გამომდინარე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” ტოვებს უწყებათშორის კომისიას. სამწუხაროა, რომ მმართველმა პარტიამ და კომისიის თავმჯდომარემ ვერ უზრუნველყო პროფესიონალური, მიუკერძოებელი და ნდობაზე დამყარებული სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება, რომელიც თავიდან აგვაცილებდა ასეთ გადაწყვეტილებებს. მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრებათ სწორედ მმართველი პარტიის ლიდერებს და კომისიის თავმჯდომარეს. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას და უწყებათშორის კომისიას, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და შეწყვიტონ არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, რაც კამპანიურ სახეს იძენს და საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მომტანია“, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები