19 ნოემბერი 2024,   19:20
ვრცლად
როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთობაზე, მხედველობაში გვაქვს ერთობა საქართველოსთვის - გრიგოლ ვაშაძე გორში მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გორში ამომრჩეველს შეხვდა.

საპრეზიდენტო კანდიდატმა მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და ხელისუფლების განზრახვაზე ისაუბრა.

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ერთობაზე, მხედველობაში გვაქვს ერთობა საქართველოსთვის, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ბრძოლაზე, ნურავინ იფიქრებს, რომ ჩვენ ვგულისხმობთ, ბრძოლას ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებთან, ჩვენ ვგულისხმობთ ბრძოლას საქართველოსთვის. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ გამარჯვებაზე, ნურავინ ნუ იფიქრებს, რომ ჩვენ ვლაპარაკობთ ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებზე გამარჯვებაზე, ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოსთვის გამარჯვებაზე...

„გამახსენდა ის ხალხი, ვინც საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში და თავის ჭკუამოკლე თავს არ ეკითხება, როგორ მოახერხა მთელმა 58-ე რუსეთის საოკუპაციო არმიამ საქართველოში შემოსვლა 8 აგვისტოს, 3 კილომეტრი და 600 მეტრიანი გვირაბით, რომელსაც მარტო ორი ხაზი აქვს, ამასაც კი არ ეკითხებიან თავის თავს, იმიტომ, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რაზე ლაპარაკობენ. გვახსოვს, როგორ გაუხსნეს ცხინვალიდან და ხეთაგუროვიდან ცეცხლი ერედვს, ვანათს, ფრის და სარაბუკის სიმაღლეს, ხომ გახსოვთ,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

„ახალი საქართველოს“ თავმჯდომარემ და გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ მოსახლეობასთან შეხვედრის დროს აღნიშნა, რომ გრიგოლ ვაშაძის რეიტინგი ყოველდღიურად იზრდება.

„ჩვენ უკვე ხვალიდან საზოგადოებასთან ერთად, აბსოლუტურად ყველასთან ერთად, ვიწყებთ ფართო საზოგადოებრივ დისკუსიას მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორი უნდა იყოს სასამართლო ხელისუფლება, როგორი უნდა იყოს პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები, რომ უნდა შევქმნათ მართლაც არა სადამსჯელო, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუციები ქვეყანაში, როგორი უნდა იყოს ეკონომიკის ფუნდამენტი და როგორ უნდა განვავითაროთ სოფელი, ქალაქი, რაიონი, როგორ უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გრიგოლ ვაშაძის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა მსოფლიო ბანმა და  საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ.

„მიხარია, რომ მოვიდა ის დრო, სადაც ბოროტება უნდა მოისპოს. ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ ერთი წელია, ჩვენ უკვე უმოქმედო ვართ. ერთი წელია, ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებთ, იმიტომ, რომ პროკურატურა არის დაინტერესებული, ეძებს რაღაცას, ვერაფერს პოულობს... ჩვენ გვინდა სამართლიანი სასამართლო, სამართლიანი პროკურატურა და ჩვენ გვინდა, რომ ადამიანი არ გარბოდეს საქართველოდან,“ - განაცხადა ბურჭულაძემ.

დღის ამბები