„დღის წესრიგს ის ვერ განგვისაზღვრავს ჩვენს ორგანიზაციას - საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს, ვერც მისი პარტია და ვერც რომელიმე სხვა პარტია,“ - ეს განცხადება საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის, საპასუხოდ გააკეთა.
ეკა გიგაური არჩევანის ეთერში პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც მესამე სექტორი „ფაშისტებად“ მოიხსენია.
გიგაურის შეფასებით, ირაკლი კობახიძემ ამ განცხადებით მნიშვნელოვანი საკითხების უკანა პლანზე გადაწევა სცადა.
„მგონია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე შეეცადა, ორშაბათს ჩაეტარებინა ეს ბრიფინგი და ფაქტობრივად, ყურადღება გადაეტანა მნიშვნელოვანი საკითხებიდან უმნიშვნელო საკითხებზე და ფაქტობრივად, რას აკეთებენ, ხომ მეორე დღეა, ვსხედვართ ჩვენ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ არ ვართ ფაშისტები. მგონია, სასაცილოა ეს ყველაფერი. ამათი მთავარი მიზანი იყო ის, რომ ჩვენ არ გვესაუბრა კორუფციაზე, ჩვენ არ გვესაუბრა არაფორმალურ მმართველობაზე, ჩვენ არ გვესაუბრა ფარცხალაძე, ჩვენ არ გვესაუბრა ჩხარტიშვილი, არ გვესაუბრა ამ ადამიანების ხელშეუხებლობაზე, არ გვესაუბრა იმაზე, რომ პროკურატურა არის არაეფექტური, არ გვესაუბრა იმაზე, რომ მთლიანად ქართული ოცნება, დაწყებული პარლამენტის თავმჯდომარით და დამთავრებული რიგითი დეპუტატით, ჩართული არის იმაში, რომ გადაეფაროს ფარცხალაძე, ჩხარტიშვილს და ივანიშვილს და მათი პასუხისმგებლობა არ დადგეს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარეობდა ამ ჩანაწერებში,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
გიგაურის თქმით, ხელისუფლების მიერ დაფინანსებული კამპანია დაიწყო სოციალურ ქსელებში, რათა მესამე სექტორის დისკრედიტაცია მოხდეს.