"ქართულ ოცნებაში" საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტს და შენიშვნებს, რომლებიც ევროპარლამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საბოლოოდ დაფიქსირდა, დადებითად მიიჩნევენ, თუმცა ამ მოსაზრებას არ იზიარებს ქართული ოპოზიცია. ელიტური კორუფცია, სასამართლო სისტემა, საარჩევნო გარემო და "რუსთავი 2"-ის საქმე - ეს ის თემებია, რომლებიც ათობით შესწორების და ქართული და ევროპული პოლიტიკური ჯგუფების რამდენიმე თვიანი დისკუსიების შემდეგ დოკუმენტში მაინც აისახა. ტექსტზე კენჭისყრა უახლოეს მომავალში ევროპარლამენტის სხდომაზე შედგება.
"ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, მედიაგარემოს გაუმჯობესების თვალსაზრისით, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, სასამართლო რეფორმის თვალსაზრისით. ჩვენ გაქვს ძალინ მყარი მხარდაჭერა ევროპარლამენტისგან," - აცხადებს თამარ ხულორდავა.
ოპოზიციაში კი განმარტავენ, რომ საქართველოს ადარებენ კორუფციულ ქვეყნებს, რაც საკმაოდ ცუდი მაჩვენებელია.
"როდესაც გადარებენ ისეთ კორუფციაში ჩაფლულ ქვეყნებს როგორიც არის უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი, აზერბაიჯანი, დიდი სატრაბახო არ გაქვს. ჩვენ ყოველთვის ვეტოლებოდით განვითარებულ სახელმწიფოებს, მათ დემოკრატიას და მათ განვითარების დონეს ვადარებდით თავს," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გია ბარამიძე.
ევროპულ საქართველოში კი ყურადღებას ამახვილებენ ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულებაზე და აცხადებენ, რომ მათი სიფხიზლე საქართველოსთან მიმართებაში, ძალიან მნიშვნელოვანია.
"აუცილებელია რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები იყვნენ ძალიან ფხიზლად, რადგან როდესაც ისინი ფხიზლად არ არიან, რუსეთი დგამს ძალიან აგრესიულ ნაბიჯებს თავის მეზობლებთან მიმართებაში. ფუნდამენტურად აუცილებელია ის, რომ რუსეთი გრძნობდეს პასუხისმგებლობას საერთაშორისო სამართლის წინაშე,"-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.