ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაცია საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება. დეპუტატები თბილისში არჩევნების წინ ჩამოვლენ და მონიტორინგის შემდეგ ანგარიშსაც მოამზადებენ. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე ყოფილი მომხსენებელი ბორის სილევიჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს წინა არჩევნებზე მიღებულ გამოცდილებებს და აღარ იქნება ის ხარვეზები, რომლებიც ასახული იყო წინა წლების დასკვნებში.
"ბოლო წლებში საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, რთული გარემოებების პირობებშიც. რა თქმა უნდა არის ნაკლოვანებებიც, რომლებიც წინა დასკვნაშიც ასახულია. ვიმედოვნებ, რომ მხედველობაში მიიღებენ და ეს არჩევნები უკეთესი იქნება. ვიმედოვნებ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევა ხელს შეუწყობს პოლიტიკურ კონსოლიდაციასაც, რადგან თქვენ გაქვთ სერიოზული პრობლემები ბევრი მიმართულებით: ეკონომიკის, პოლიტიკის კუთხით, ოკუპირებულია თქვენი ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს სოციალური საკითხები, ასევე სერიოზულ განხილვას საჭიროებს საპენსიო რეფორმაც. დარწმუნებული ვარ, რომ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამ პრობლემებს და უფრო წარმატებული იქნებით, თუ თქვენი პოლიტიკური პარტიები ამას ერთად, მჭიდრო თანამშრომლობით და ზედმეტი კონფრონტაციის გარეშე გააკეთებენ,"-აცხადებს სილევიჩი.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, ლიტვის წარმომადგენელი ემანუელს ზინგერსი კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ინციდენტები რეგიონებში. ზინგერსი კორცხელში მომხდარ დაპირისპირებას იხსენებს და აცხადებს,რომ არ უნდა განმეორდეს წინა არჩევნების პრეცენდენტი, როდესაც სპორტსმენები იქნენ გამოყენებული.
"არ უნდა იყოს გამოყენებული მანიპულაციები, ადმინისტრაციული რესურსები, განსაკუთრებით რეგიონებში. მათ თავისუფლად უნდა გამოხატონ საკუთარი ნება. გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული პირადი აზრის მიხედვით. აქ ევროპაში ყველა ფიქრობს, რომ საქართველო ჩააბარებს ამ გამოცდას და დაამტკიცებს, რომ მომწიფებული დემოკრატიის მქონე ქვეყანაა. ამიტომ მივმართავთ მათ, ვინც ამ არჩევნებს ორგანიზებას უწევს - მზად არ ვართ ვიყოთ შოკირებულები. უნდა დაგვარწმუნოთ, რომ ხართ დემოკრატიული და დასავლური ქვეყანა. ნატოსა და ევროკავშირში სამომავლო წევრობისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს არჩევნები ჩატარდეს ნორმალურად, რომ ყველა კანდიდატი იცავდეს კანონს და არ იქნება არავის ზეწოლის ქვეშ. ვიმედოვნებთ, რომ არ მოჰყვება პროვოკაციები რეგიონებში. მახსოვს წინა არჩევნების დროს სპორტსმენები გამოიყენეს. ამჯერად ასეთი იდეა იმედია არავის გაუჩნდება და გაითვალისწინებენ ჩვენს წინა კრიტიკულ შენიშვნებს,"-აცხადებს ზინგერსი.