საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებულ მირზა სუბელიანსა და დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს შორის ციხეში შემდგარ შეხვედრას ეხმაურება, სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ საკმარისი ჩანაწერები აქვს ხელისუფლების „დასასრულებლად“.
ირაკლი კობახიძის თქმით, ვიქტორ ჯაფარიძესთან მირზა სუბელიანთან შეხვედრის და იქ მოყოლილი ამბების შესახებ არ უსაუბრია. კობახიძის განმარტებით, დეპუტატს პატიმრის საუბარი სერიოზულად არ აღუქვამს და შესაბამისად, ამ საკითხზე აღარ უსაუბრიათ.
კობახიძის თქმით, ჯაფარიძის ციხეში შესვლის შესახებ ინფორმაციას ფლობდა და ნებართვა გასცა, თუმცა, საუბრის შინაარსით არ დაინტერესებულა.
„ჩვენ კომუნიკაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ გვქონია. ეს არის მარტივი პასუხი, რომელიც შემიძლია გაგცეთ ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლებას მირზა სუბელიანის მუქარის არ ეშინია, რადგან არანაირი დარღვევა არ აქვთ.
„თუ ვინმე დაგვემუქრება, ჩვენ ყველას პასუხს გავცემთ ჩვენი სიმართლით იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს სიმართლე, ეშინოდა იმ ხელისუფლებას, რომელიც ჩაბარდა წარსულს,“ - განაცხადა კობახიძემ.
დეპუტატმა ვიქტორ ჯაფარიძემ მირზა სუბელიანთან საუბარი გუშინ დაადასტურა. ჯაფარიძის თქმით, ის სუბელიანს საპატიმროში მას შემდეგ შეხვდა, რაც შეხვედრის თხოვნით პატიმრობაში მყოფმა ყოფილმა მაღალჩინოსანმა თავად მიმართა.
ჯაფარიძე ამბობს, რომ მირზა სუბელიანი ნამდვილად ასახელებდა ფაქტებს, რომელიც წესით უნდა გამხდარიყო გამოძიების დაწყების მიზეზი და რასაც უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური თანამდებობის პირების პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებაც.