19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
შეგროვდა ყველა მტკიცებულება და შემდეგ აცნობეს საზოგადოებას - მდინარაძე პატარკაციშვილის საქმეზე არსებული გასაჯაროებაზე საუბრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნილად გამოცხადებას ეხმაურებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ის დამატებით ინფორმაციას არ ფლობს და არ იცის 11 წლის წინანდელი საქმის შესახებ პროკურატურამ გამოძიების შედეგები დღეს რატომ წარმოადგინა.

მდინარაძეს არ აქვს პასუხი კითხვაზე, ჩანაწერები რომელიც ჯერ კიდევ 2016 წელს არსებობდა რატომ გასაჯაროვდა დღეს, ან რა ახალმა გარემოებამ განაპირობა ეს.

„მე დეტალებზე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია არ მაქვს. ყველაზე გასაკვირი ჩემთვის პირადად ის არის, რომ თქვენ ასეთი პროფესიონალი ჟურნალისტი ინტერესდებით უფრო იმით, რომ თუ ეს მოცემულობა იყო 2016 წელს რატომ არ გაიხსნა დღემდე“-აცხადებს მდინარაძე.

კითხვაზე, როდესაც აღნიშნულ მასალას ექსპერტიზა ჯერ კიდევ 2016 წელს ჩაუტარდა და აღებული იყო ჩანაწერში მონაწილე პირების ხმის ნიმუშები, რატომ მოხდა  ბრალის წარდგენა მხოლოდ დღეს? - მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ მხოლოდ ახლა შეგროვდა სტანდარტით გათვალისწინებული მტკიცებულებები.

„დღემდე შეგროვდა ყველა საჭირო მტკიცებულება და როცა შესაბამისი სტანდარტების აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვება გახდა უკვე შესაძლებელი, ამის შემდეგ აცნობეს საზოგადოებას. ალბათ, არსებობს მტკიცებულება დამატებით არ დაინტერესდით საქმის დეტალებით,  სადაც არის საშინელ, სასტიკ დანაშაულზე საუბარი. მე ვუყურე ბრიფინგს და მაქვს ის ინფორმაცია რაც ვნახე ტელევიზიის საშუალებით მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს,“-აცხადებს მდინარაძე.

პროკურატურაში დღეს ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე გამოძიების შედეგები გაასაჯაროეს.

ბრიფინგზე პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ პატარკაციშვილი მოკლეს და მკვლელობა შეკვეთილი იყო. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, მკვლელობის მომზადების საქმე „სანქცირებული“ იყო მიხეილ სააკაშვილის მიერ, ხოლო მკვლელობის დეტალები კუდ-ის უფროსთან, დათა ახალაიასთან თანხმდებოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები