19 ნოემბერი 2024,   19:24
ვრცლად
ხელისუფლებას 2016 წლის ჩანაწერების გამოქვეყნება პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად დასჭირდა, - ოპოზიცია პატარკაციშვილის საქმეზე საუბრობს

პროკურატურის მიერ ბადრი პატარკაციშვილის საქმის გახსნილად გამოცხადებას ხელისუფლების ოპონენტები ეხმაურებიან. ისინი ფიქრობენ, რომ 2016 წელს არსებული ჩანაწერის გასაჯაროებას ერთადერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებაა.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს ხელისუფლებას განსაკუთრებით დასჭირდა, რადგან ბოლო ერთი თვეა გავრცელებული ჩანაწერები, როგორც „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე, ისე მირზა სუბელიანისა და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარი, მათ გუნდში კრიზისულ ვითარებას აჩენს.

„მაშინ,როდესაც 11 თვის წინანდელი ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვანების საქმე გამოუძიებელია და საარჩევნოდ 11 წლის წინანდელ საქმეს გამოაგდებ და ამით გინდა პოლიტიკური დივიდენდები მიიღო, ბუნებრივია საზოგადოებაც და არც არავინ ამას არ დაიჯერებს და ვერც დაიჯერებს, მით უფრო, როცა ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს სკოტლანდ იარდისა და სხვა ტიტულოვანი უწყებების დასკვნები. კიდევ ერთხელ ჩანს, რომ პროკურატურა დაინტერესებულია ხელისუფლება პოლიტიკური მათ დავალებებს ასრულებს და ეს ყველაფერი უნდა დასრულდეს 28 ოქტომბერს,“-ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს უკვე ჰქონდათ დასკვნა, რომ ჩანაწერში მოქმედი პირების ხმები ავთენტური იყო. სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, რატომ მაშინვე არ გასაჯაროვდა ეს ჩანაწერი.

„რატომ მაშინვე არ წაუყენეს ბრალი საზოგადოება არ არის ისეთი ბრიყვი რომ ვერ ხვდებოდეს, რომ მაშინ არ სჭირდებოდათ, სჭირდებათ ახლა, როდესაც არჩევნებია რამდენიმე დღეში, როდესაც სისტემური კრიზის აქვთ, როდესაც ვისმენთ ჩანაწერს მირზა სუბელიანის, პარლამენტის წვერის, როდესაც ვიღებთ ინფორმაციას, სარდაფების და ფარცხალაძის შესახებ და ა.შ.“-ამბობს ირმა ნადირაშვილი.

დღის ამბები