ამ დრომდე უცნობია, შეასრულებს თუ არა მამუკა ბახტაძის პირობას გიორგი მარგველაშვილი და მიმართავს თუ არა პირადად საქართველოს პრეზიდენტი წერილობით პრემიერს მთავრობის სხდომის მოწვევის შესახებ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია კი ჯერ მთავრობიდან ელოდება ოფიციალურ დასაბუთებას, რატომ არ მოიწვიეს სპეციალური სხდომა, მაშინ როდესაც ეს პრეზიდენტმა მოითხოვა. საპარლამენტო მდივანი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილის საჯარო განცხადება ამ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი უნდა ყოფილიყო.
"მიმართვა ოფიციალური გაგზავნილია, ეს მთელმა საქართველომ მოისმინა და ნახა და ამ მიმართვაზე ჩვენ მივიღეთ მთავრობისგან სრულიად სამარცხვინო პასუხი, რომ ბატის ფრთით პაპირუსზე უნდა იყოს ეს დაწერილი. არანაირი შესაბამისი მითითება არანაირ საკანონმდებლო აქტში არ არსებობს, მაგრამ მათ სურთ რომ კანონის გვერდის ავლით ახალი წესრიგი შექმნან, რომლსაც ყველა დაემორჩილება,"-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.