პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალციხეში გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც თურქული მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა.
სამადაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებმა თურქეთთან უკვე პრობლემები შექმნა, ხოლო მისი არჩევის შემთხვევაში, სერიოზული კრიზისი გარდაუვალია.
„ქალბატონი სალომე სამწუხაროდ, გარდა იმისა, რომ ხშირად გამიზნულად ასხამს წყალს რუსეთის პოლიტიკაზე და რუსეთის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი არის სწორედ გართულება ურთიერთობების საქართველოსი თურქეთთან, რომელიც არის ნატო-ს წევრი სახელმწიფო. გარდა ამისა, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრობლემა არის, რომ ის ხშირად იქცევა როგორც ფრანგი დიპლომატი და არ ესმის ის კონტექსტი, რომელშიც უწევს ჩვენს ქვეყანას ცხოვრება და ხშირად ის არ იღებს სწორ გადაწყვეტილებებს, როგორსაც უნდა იღებდეს ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურად სომეხ საქართველოს მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ წინა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ბევრ თურქს მისცა, მათ კი არა.
სამოქალაქო სექტორი ამასთან დაკავშირებით მიიჩნევდა, რომ ზურაბიშვილის ეს განცხადება შუღლის გაღვივებას უწყობდა ხელს, რაც ქსენოფობიური და ანტისახელმწიფოებრივი იყო.
თურქი პოლიტოლოგი კი ვარაუდობს, რომ ზურაბიშვილი სეპარატისტების დაკვეთას ასრულებს.