19 ნოემბერი 2024,   19:27
ვრცლად
არავინ აპირებს შინაგან საქმეთა ორგანოების გაუქმება - გიორგი ვაშაძე პოლიციის რეფორმის არსს კიდევ ერთხელ განმარტავს

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე შინაგან საქმეთა ორგანოების რეფორმის შესახებ მათ ხედვას კიდევ ერთხელ განმარტავს.

გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ხელისუფლება დეზინფორმაციას ავრცელებს და პოლიციელებს ეუბნება, რომ ძალა ერთობაშიას ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში შს სამინისტრო გაუქმდება და პოლიციელები უმუშევრები დარჩებიან.

„ამჯერად ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ პოლიციის სამსახურებში და ამბობენ, რომ ვინმე მათ სამსახურიდან გაშვებას აპირებს,“-აცხადებს ვაშაძე.

მისი თქმით, თუ ვინმემ შეურაცხყო პოლიციელის მუნდირი, ეს არის სწორედ "ქართული ოცნება." მისივე განცხადებით, მათ მიერ წარმოდგენილი ხედვა ეფუძნება სამ ძირითად კომპონენტს. ვაშაძე კიდევ ერთხელ განმარტავს ამ რეფორმის არსს.

„შინაგან საქმეთა ორგანოების სრულად დეპოლიტიზაცია, რომ ვეღარასოდეს მოაჯდეს თავზე ღირსეულ პოლიციელს პოლიტიკურად მოტივირებული შს მინისტრი და მისი მოადგილეები.

მეორე - ყველა პოლიციელი არათუ შეინარჩუნებს თავის სამსახურს, მინიმალური ხელფასი იქნება 2000 ლარი.

მესამე - ჩვენი რეფორმა გულისხმობს, მაღალი დამოუკიდებლობის მქონე ორი მნიშვნელოვანი სამსახურის ჩამოყალიბებას, ეს არის პოლიციის და პატრულის ეროვნული სამსახური და ეს არის გამოძიების დამოუკიდებელი ბიურო. არავინ აპირებს შინაგან საქმეთა ორგანოების გაუქმებას“-აცხადებს ვაშაძე.

მან ასევე მოუწოდა შესაბამის ორგანოებს მოახდინონ რეაგირება „ძალა ერთობაშიას“ საპრეზიდენტო კანდიდატის საარჩევნო პლაკატების დაზიანებისა და ჩამოხევის გამო.

დღის ამბები