„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი, დავით ბაქრაძე მხარდამჭერებს თბილისში შეხვდა.
პროგრამულ პრიორიტეტების გარდა, დავით ბაქრაძემ შეკრებილ საზოგადოებასთან ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე, პრობლემებსა და გამოწვევებზეც ისაუბრა.
„მომავალი პრეზიდენტის პირველი და მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ქვეყანაში მოიტანოს მეტი სიმშვიდე, ქვეყანაში მოიტანოს მეტი შერიგება, ქვეყანაში მოიტანოს ნაკლები აგრესია და ნაკლები დაპირისპირება და ქვეყანაში მოიტანოს ის, რომ ქართველებმა ერთად ცხოვრება ვისწავლოთ და ერთად ავაშენოთ ჩვენი სამშობლო,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლება ცდილობს მუდმივად ხაზი გაუსვა წინა მთავრობის ცუდ საქმეებზე, თუმცა, პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, გარდა შეცდომებისა, 2012 წლისთვის ქვეყანა გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იყო.
„ნუ აშინებს ხელისუფლება ხალხს, ნუ აშინებს ხელისუფლება დღეს საზოგადოებას, რომ არჩევანი არის ცუდს და უარესს შორის და ცვლილება გამოიწვევს ნგრევას და დაპირისპირებას, არანაირ ნგრევას არ გამოიწვევს. ერთადერთი, რაც უნდა დავანგრიოთ 28 ოქტომბერს, ეს არის არაფორმალური, კლანური, მაფიოზური მართვის სისტემა, რომელიც დღეს საქართველოშია. ამას აუცილებლად დავანგრევთ, მაგრამ დავანგრევთ ისე, რომ აქედან სარგებელს მიიღებს თითოეული ადამიანი და თითოეული მოქალაქე,“ - განაცხადა ბაქრაძემ.