19 ნოემბერი 2024,   19:22
ვრცლად
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე ფარული მიყურადება ხორციელდებოდა. გიორგი გახარიას განცხადებით, შს სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური ახდენენ გამოძიებას, თუმცა რა საქმეზე, ეს ფაქტი მას არ დაუკონკრეტებია.

გახარიას თქმით, წინასაარჩევნოდ პროვოკაციების მოწყობა იგეგმებოდა, რაც აღკვეთილია.

„წარმოდგენა არ მაქვს, რა ჩანაწერებზე საუბრობს გვარამია, თუმცა დეტალურად ვიცი, ყველა ის გეგმები, რაც იგეგმებოდა დესტაბილიზაციის და პროვოკაციების მოსამზადებლად და გარწმუნებთ, რომ როგორც ნეიტრალური უწყება, შსს სუს-თან ერთად, ეს ყველაფერი გამოვლენილი გვაქვს, დეტალურ დონეზე ვიცით, ვინ, სად, როდის რას გეგმავდა და რას გეგმავს, ამიტომ ეს იქნება შეუძლებელი და მინდა აბსოლუტურად გითხრათ, რომ მათ შორის, მიყურადების შედეგად, ეს არჩევნები იქნება აბსოლუტურად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში და ამის გარანტიას იძლევა შსს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარია ასევე გამოეხმაურა გლდანის ციხიდან გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც მირზა სუბელიანი დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს მისი შეტყობინებების შს მინისტრისთვის გადაცემას სთხოვს.

„შსს და მე არ ვვაჭრობთ ჩემი თანამშრომლების თანამდებობებით, ეს ერთი, მეორე, ასე გვეძახდნენ ზუსტად, რომ მირზა სუბელიანს ვერ დავიჭერდით, მაგრამ მირზა სუბელიანი დღეს არის პატიმარი და რამდენსაც გადაწყვეტს ქართული სასამართლო იჯდება ზუსტად იმდენი. მირზა სუბელიანის დაკითხვის საფუძველი გახდა ჩვენება ბოლო სასამართლო პროცესზე, როდესაც საერთოდ მოწმეებმა, რომლებიც იყენებდნენ დუმილის უფლებას, ბრალდებულებმა, საერთოდ ახსენეს ეს სახელი.

„შსს არის აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება. დღეს მე არ მაქვს არანაირი უფლება და არანაირი სურვილი, დეტალებზე ვისაუბრო ამ საქმეზე, მხოლოდ და მხოლოდ, იმ მიზეზის გამო, რომ ვართ არჩევნების კონტექსტში და ეს ყველაფერი კეთდება არჩევნების კონტექსტიდან გამომდინარე. გარწმუნებთ, რომ ყველა ამ შეკითხვაზე იქნება როგორც სამართლებრივი პასუხი მიცემული, ასევე პოლიტიკური პასუხი მას შემდეგ, რაც შსს ქვეყანასთან ერთად ჩაატარებს მშვიდ, უსაფრთხო გარემოში არჩევნებს და მივიღებთ იმ შედეგს, რომელსაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს,“ - განაცხადა გახარიამ.

დღის ამბები