საქართველოს საგარეო უწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას პასუხობს.
ზახაროვა ოკუპირებულ ტერიოტრიებზე დაკავებების შემცირების მიზნით, ის ე.წ საზღვრების ხაზების შესახებ მოქალაქეების ინფრომირების აუცილებლობის შესახებ საუბრობს.
ქართული მხარე კი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ამ ფორმით ცდილობს, ახსნა მოუძებნოს მოსახლეობის უკანონო დაკავებებს.
საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ სიტუაციის დეესკალაციის ერთადერთი წინაპირობა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მხრიდან უკანონო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, ასევე ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და სამხედრო ფორმირებების საქართველოს ტერიტორიიდან სრულად გაყვანაა.
მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი.
„გაუგებარია რას ემსახურება ასეთი ტიპის განცხადებები, მაშინ, როდესაც ქართული მხარის პოზიცია არის ასეთი ცალსახა. არათუ უნდა შენარჩუნდეს ფორმატები, რომელიც ემსახურება სტაბილურობას და მშვიდობას, არამედ უფრო ეფექტური უნდა გახდეს. იმიტომ, რომ მშვიდობისა და სტაბილურობისთვის აუცილებელია დღევანდელი სტატუსქვო შეიცვალოს და გადაიჭრას ეს კონფლიქტი მშვიდობიანად. ვერანაირი საზღვრებზე ვერ იქნება საუბარი და ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს ყველას, მათ შორის რუსეთის ფედერაციასაც. დღეს ჩვენ რაზეც ვსაუბრობთ ეს არის მავთულხლართებით შემოსაზღვრული საოკუპაციო ხაზი, რომელიც რეალურად ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში უშლის ხელს,“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.