გაერთიანებული ოპოზიციის, მოძრაობა "ძალა ერთობაშია"-ს კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები წალენჯიხის მოსახლეობას შეხვდნენ.
გრიგოლ ვაშაძეს განცხადებით, 28 ოქტომბერს გაიმარჯვებს ქართველი ხალხი და მოვა ეროვნული კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლება, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება მოსახლეობის პრობლემების გადაჭრა და არა ჩინოვნიკების გამდიდრება.
ვაშაძის განცხადებით, ბიუჯეტში დაზოგილი მილიარდზე მეტი მოხმარდება 400 ლარიან პენსიას, 1000 ლარიან ხელფასს მასწავლებლებისათვის და 2000 ლარიანი ხელფასს პოლიციელებისათვის. მისი თქმით, ეს იქნება მთავრობა, რომელიც დაასრულებს შეიარაღებული ჯგუფების თარეშს საქართველოში.
"ყველაზე მთავარი პრობლემა რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს არის ის, რომ საქართველოს მოქალაქე აბაშაშიც და წალენჯიხაშიც არის მიტოვებული სახელმწიფოს მიერ. ეს არის გამოსასწორებელი, ეს არის მისახედი და ამისათვის არის საჭირო ეროვნული კოალიციური პროდასავლური მთავრობა. მინდა გითხრათ რომ საზღვარი არ აქვს ამ პატრიოტების აღშფოთებას რაშიც ჩვენ ვცხოვრობთ 4 თუ 5 დღეა. ასე რომ ქურდულ ოცნება ჯობია კარგად დაფიქრდეს და მოემზადოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისათვის,"-განაცხადა ვაშაძემ.