გაერთიანებულ ოპოზიციის ბრალდებებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ უპასუხა.
საქმე ეხება ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც გრიგოლ ვაშაძე „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით მიიღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და ბიულეტენშიც ასე აისახება. გაერთიანებული ოპოზიცია კი ითხოვს, ბიულეტენში გაერთიანებული ოპოზიცია მიეთითოს.
თამარ ჟვანიას განმარტებით, საარჩევნო კოდექსი არ იძლეოდა მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას საპრეზიდენტო კანდიდატის წარმდგენის სახელწოდების შესაცვლელად.
ჟვანიას თქმით, ცესკო-მ საარჩევნო კოდექსის შესაბამისად იმოქმედა.
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ თავიდან, როდესაც დაარეგისტრირა კანდიდატები როგორც საპრეზიდენტო, ისე თვითმმართველობის არჩევნებში, მან თავისი თავი დაარეგისტრირა როგორც სუბიექტი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მოგვმართეს საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილთან დაკავშირებით, ამ შემთხვევაში ეს მომართვა ეხებოდა ცესკო-ს კომისიურ გადაწყვეტილებას. ცესკო-მ მიიღო გადაწყვეტილება იმ მუხლების საფუძველზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებს არეგულირებს და ეს იყო კანონთან აბსოლუტურად შესაბამისი გადაწყევტილება, ვინაიდან საარჩევნო კოდექსი არ ილევა საშუალებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების ნაწილში შეეცვალოთ სახელი,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ცესკოს წინააღმდეგ სასამართლოში შესატან სარჩელს ამზადებს.
11 პოლიტიკური პარტიის გაერთიანებამ 28 სექტემბერს მიმართა ამ მოთხოვნით, თუმცა უარი ეთქვათ, რასაც „ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებენ.